პოლონურმა გამანადგურებლებმა გადაუჭრეს რუსულ თვითმფრინავს, რომელიც ბალტიის ზღვის თავზე, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში გათიშული გადამცემით დაფრინავდა. ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.
"პოლონეთის გამანადგურებლებმა გზა გადაუჭრეს Il-20-ის ტიპის თვითმფრინავს, რომელიც საერთაშორისო საჰაერო სივრცეში დაზვერვის მისიით დაფრინავდა გამორთული გადამცემით. თვითმფრინავმა არ დაარღვია პოლონეთის საჰაერო სივრცე" – ნათქვამია განცხადებაში.
ევროპული სახელმწიფოები განსაკუთრებული სიფრთხილით აკონტროლებენ საჰაერო სივრცეს მას შემდეგ, რაც 19 სექტემბერს სამი MiG-31 ტიპის რუსული ავიაგამანადგურებელი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და ქვეყნის ტერიტორიაზე ჯამში 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. ეს წელს რუსეთის მხრიდან ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის მეოთხე შემთხვევა იყო.





