20 სექტემებრს თვითმფრინავების სარეგისტრაციო და ბორტზე ჩასხდომის სისტემებზე კიბერთავდასხმამ ლონდონის, ბრიუსელისა და ბერლინის აეროპორტებში ფრენების გადადება გამოიწვია.
ლონდონის აეროპორტის ცნობით, კომპანია Collins Aerospace-ის სერვისები, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით რამდენიმე ავიაკომპანიის სარეგისტრაციო და გამშვებ სისტემას უზრუნველყოფს, ტექნიკური პრობლემების გამო გამართულად არ მუშაობდა.
ბრიუსელის აეროპორტის განცხადებით, კიბერთავდასხმამ რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის მუშაობა შეაფერხა და ფრენების განრიგზე იქონია გავლენა.
"თავდასხმამ მნიშვნელოვნად შეაფერხა ფრენები, გამოიწვია ზოგიერთი რეისის გაუქმებაც… სერვისის მომწოდებელი კომპანია აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და ცდილობს პრობლემა უმოკლეს დროში აღმოფხვრას" - ნათქვამია ბრიუსელის აეროპორტის განცხადებაში.





