ევროპა

პოლონეთმა აღმოსავლეთიდან მომდინარე საფრთხის გამო მასშტაბური სამხედრო წვრთნა, Iron Defender-25 დაიწყო

პოლონეთმა მასშტაბური სამხედრო წვრთნა, Iron Defender-25 დაიწყო. 

წვრთნები სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება და მასში 34 000-მდე სამხედრო მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის პოლონეთში განლაგებული NATO-ს სამხედრო დანაყოფები.

წვრთნების მიზანი პოლონეთის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაა, როგორც ხმელეთზე, ასევე ცასა და ზღვაში. 

პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნები ქვეყნის აღმოსავლეთით, რუსეთისგან ნებისმიერი პოტენციური თავდასხმისგან თავდაცვის გაძლიერებაზე იქნება ფოკუსირებული. 

პოლონეთის პარალელურად სექტემბერში სამხედრო წვრთნებს რუსეთისა და ბელარუსის შეიარაღებული ძალებიც ჩაატარებენ. 

საკავშირო სახელმწიფოს მიერ ინიცირებული წვრთნების მიზანი "შესაძლო აგრესიის მოგერიებისთვის მზადყოფნაა".

საკავშირო სახელმწიფო რუსეთისა და ბელარუსის გაერთიანებაა. 1999 წელს ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, მომავალში რუსეთსა და ბელარუსს საერთო კონფედერაცია უნდა შეექმნათ. ბოლო პერიოდის განმავლობაში კრემლი ბელარუსზე მზარდ ზეწოლას ახორციელებდა და მისგან სამხედრო და ეკონომიკურ სფეროში ინტეგრაციის დაჩქარებას ითხოვდა. 

კომენტარები