საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ [არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე] 18 545 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.1%-ით მეტია.
აქედან ექსპორტი 5 151.4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს [გაიზარდა 7.7%-ით], ხოლო იმპორტი 13 393.7 მილიონ აშშ დოლარს [გაიზარდა 9.7%-ით].
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში, 8 242.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.4%-ია.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.5% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 264.8 მილიონი აშშ დოლარი), აშშ (2 127.1 მილიონი აშშ დოლარი) და რუსეთი (1 898.5 მილიონი აშშ დოლარი).
რაც შეეხება ექსპორტს, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში 10 უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.7% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (1 080.5 მილიონი აშშ დოლარი), ყაზახეთი (658.5 მილიონი აშშ დოლარი) და რუსეთი (543.1 მილიონი აშშ დოლარი).

2025 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტში დსთ-ს ქვეყნების წილი 70.3% იყო, ევროკავშირის წევრი ქვეყნების - 11.9%, დანარჩენი ქვეყნების კი - 17.8%.
2025 წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2 003.9 მილიონი აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 38.9%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 276.2 მილიონი აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.4%), ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა 200.7 მილიონი აშშ დოლარით (3.9%).
2025 წლის იანვარ-სექტემბერში 10 უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71.1% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: აშშ (2 060 მილიონი აშშ დოლარი), თურქეთი (2 027 მილიონი აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 430.6 მილიონი აშშ დოლარი).

2025 წლის იანვარ-სექტემბერში იმპორტში ევროკავშირის წევრი ქვეყნების წილი 25.1% იყო, დსთ-სი - 17.9%, დანარჩენი ქვეყნების კი - 57.1%.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2 805.1 მილიონი აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.9% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 972.2 მილიონი აშშ დოლარით (იმპორტის 7.3%), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 510.7 მილიონი აშშ დოლარით (იმპორტის 3.8%).





