არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

ჯაღმაიძეს უნდა, რომ გავჩუმდე, ბიძინა ვაქო – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა TV პირველთან საუბრისას თქვა, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ ანდრია ჯაღმაიძესთან კომისიაზე მისვლას არ აპირებს, რადგან ზნეობრივი გადაცდომა არ ჰქონია და, მისი თქმით, თუკი მისი საჯარო განცხადებები არ მოსწონთ, აღნიშნული სინოდალურმა კომისიამ უნდა განიხილოს.

ყურაშვილის თქმით, ჯაღმაიძეს სურს გააჩუმოს, რასაც, მისი თქმით, არ აპირებს.

"იმ კომისიაში, სადაც მამა ანდრია [ჯაღმაიძე] არის არ შეიძლება ჩემი მისვლა, რადგან ის ჩემთან პრიდაპირ არის დაკავშირებული და თან ჩემს დასჯას აპირებს და თან გამოსასწორებულად. მე მამა ანდრიას ვეტყვი, რომ თავისი თავი გამოასწოროს და ჩემს გამოსწორებას დაანებოს თავი. რაც შეეხება კომისიას, ეს კომისია არის ზნეობრივი კომისია. მე ზნეობრივი გადაცდომა არ მქონია. ჩემი საჯარო განცხდებები თუ თქვენ არ მოგწონთ, მაშინ მომმართეთ წერილობით. თუ არასწორია, უნდა განიხილოს სინოდალურმა კომისიამ და არა მამა ანდრია ჯაღმაიძემ, მის კომპეტენციაში ეჭვი მეპარება, რომ მან საერთოდ იცის ქრისტიანობა.

მე არა ვარ მოვლენილი ერის მოსანათალად. მე ერს განვუცხადებ ჭეშმარიტებას, სიმართლეს და მართალი ხალხის გვერდით ვდგავარ. ამას მე მღვდლობითაც გავაკეთებ და მღვდლობის გარეშეც გავაკეთებ. ძალიან უნდა მამა ანდრიას, რომ გავჩუმდე, მთავრობა და ბიძინა ვაქო, როგორც თვითონ აქებენ და დავდუმდე ბიძინას პატრიარქის მიმართ გინებზე, მაგრამ არ დავდუმდები. დისციპლინარული გადაცდომა მას აქვს ბევრი და რაც უნდა ის გააკეთონ. ქრისტემ უთხრა იუდამ, როცას იუდას გაცემა ჰქონდა გადაწყევტილი, მიდი და გააკეთე ის, რაც ჩაიფიქრეო. მეც იგივეს ვეტყვი - მიდი და გააკეთე, რაც ჩაიფიქრე". - თქვა ყურაშვილმა.

13 ოქტომბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეპარქიის კომისიაზე გამოცხადებაზე უარის თქმა, არის დისციპლინარული გადაცდომა.

"12 ოქტომბერს გასულ ინტერვიუში, არქიმანრდიტ დოროთეს გამონათქვამებთან დაკავშირებით მოსალოდნელ კომისიაზე ვისაუბრე.

დღეს მისგან ვერ მივიღეთ დასტური, ხუთშაბათს დანიშნულ, კომისიაზე გამოცხადების შესახებ.
ცნობისათვის, საპატიო მიზეზის გარეშე, ეპარქიის კომისიაზე გამოცხადებაზე უარის თქმა, არის დისციპლინარული გადაცდომა". - წერდა ჯაღმაიძე.

ცნობისთვის, აქამდე, 27 სექტემბერს TV პირველმა გამოაქვეყნა ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვრის, დოროთე ყურაშვილისა და სამი სასულიერო პირის - მამა მიქაელ ბოტკოველის, ანდრია ჯაღმაიძის და იოანე გოგორელიშვილის - საპატრიარქოში შემდგარი შეხვედრის აუდიო ჩანაწერი, სადაც სასულიერო პირებმა, მამა დოროთე ყურაშვილი საპროტესტო აქციებსა და სინდისის პატიმრებზე გაკეთებულ განცხადებებზე, ინტერვიუებსა და ქადაგეგბებზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.

კომენტარები