საქართველოს საპატრიარქოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, პატრიარქმა ილია მეორემ დააკმაყოფილა ეპარქიული კომისიის შუამდგომლობა და არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა.
ეპარქიული კომისიის მოთხოვნის შესაბამისად, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად განამწესეს.
"ა.წ. 29 ოქტომბრიდან არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან და განმწესდეს წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად" - ნათქვამია საპატრიარქოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებაში.
29 ოქტომბერს მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისია გაიმართა, რომელზეც არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილის საკითხი განიხილეს. თავად არქიმანდრიტი კომისიის სხდომას არ დასწრებია.
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ეპარქიულ კომისიაზე 16 ოქტომბერსაც იყო დაბარებული. მაშინ კომისიამ ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარს "მკაცრი გაფრთხილება" გამოუცხადა.





