არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

მამა დოროთე: ვითხოვ, არქიმანდრიტ ილიას საქმე გაიტანოთ სინოდალურ კომისიაზე

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი არქიმანდრიტ ილია თოლორაიას საკითხის სინოდალურ კომისიაზე გატანას ითხოვს. ის საპატრიარქოს სპიკერის, ანდრია ჯაღმაიძის განმარტებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, "მამა ილიას შემთხვევაში მოცდასაც აზრი აღარ ჰქონდა" და ამიტომ, იმ დღესვე დაიწერა მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ საპატრიარქის მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნა.

"რაო, გაიჭედეთ. ე.ი. მამა ილია მღვდლობიდან განაყენა კომისიამ, რომელზეც დაბარებულიც კი არ იყო, აზრი არ ჰქონდაო დაბარებას. ჰოი, საოცრებავ, უფრო მეტ და უარეს შეცდომებს რომ უშვებთ, ნუთუ ვერ ხვდებით. თქვენ არც რჯულის კანონი იცით და არც საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება.

თუ კომისია მოიწვიეთ მამა ილიას გარეთ გამოგდების შემდეგ, რა უფლებით არ დაიბარეთ ისევ კომისიაზე, რა გეჩქარებოდათ? და თუ მაინც მამა ილიას დაბარების გარეშე შეყარეთ კომისია, მეუფე შიო რატომ იყო კომისიის წევრი?

ჩვენი დებულების მიხედვითაც კი არ შეიძლება, კომისიის წევრი იყოს დაპირისპირებული, დაინტერესებული პირი და რატომაა აქ მეუფე შიოს ხელმოწერა?

ასევე, ბოროტის თქმა და შეურაცხყოფა არ არის ეგზარქოსის დაძახება, შეურაცხყოფა არის უსინდისო და გოთვერანის დაძახება, რასაც მეუფე სტეფანე და სამხარაძე მეძახის.

ვინაიდან და რადგანაც თქვენ არ ერკვევით კანონებში, მე ვითხოვ, არქიმანდრიტ ილიას საქმე გაიტანოთ სინოდალურ კომისიაზე, რადგანაც ამ გადაცემით თქვენვე ამტკიცებთ, რომ უკანონოდ და უსამართლოდ ახსენით ჯვარი.

თქვენ არ გაქვთ უფლებამოსილება, თქვენივე დანაშაული თქვენვე განიხილოთ, ეს უნდა განიხილოს სინოდალურმა კომისიამ, ამიტომ მოვითხოვ, სასწრაფოდ მოიწვიეთ სინოდალური კომისია და ამ კომისიამ გაარკვიოს თქვენი საქციელიც და არქიმანდრიტ ილიას საქმეც. ველოდები პასუხს.

თან რა საოცრებას ამბობს ანდრია ჯაღმაიძე - საპატრიარქოდან გასულმა რომ განცხადებები გააკეთა მამა ილიამ, იმაზე ავხსენითო ჯვარი, თქვენ ხო კარგად ხართ, რამე ხომ არ გჭირთ, რაც მე ვიცი, იმის გარდა?

სად არის ეკლესია, რა უყავით სინოდს, ნუთუ თქვენს უვიცობას და ბოროტებას ვერავინ ხედავს? ან და ანდრია ჯაღმაიძემ ხელის კვრით გამოაგდო არქიმანდრიტი საპატრიარქოდან და მერე დაჯდა კომისიის წევრად და მღვდლობიდან განაყენა? გპირდებით ერო! მალე დავასრულებ ამ მატყუარა და გაბოროტებულ დეკანოზების ბოგინს" - წერს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი.

ცოტა ხნის წინ საპატრიარქომ გამოაქვეყნა მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის 5 ნოემბრით დათარიღებული დასკვნა, რომლის მიხედვითაც, კომისიის წევრებმა პატრიარქს მიმართეს არქიმანდრიტ ილია თოლორაიასთვის მღვდელმოქმედების შეჩერების შუამდგომლობით, "ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს". დასკვნა კომისიის თავმჯდომარემ - პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირმა და წევრებმა - მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ და დეკანოზმა ლონგინოზ სუარიშვილმა მოამზადეს.  

"მიმდინარე წლის 5 ნოემბერს არქიმანდრიტი ილია თოლორაია დაბარებული გახლდათ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტ შიო მუჯირთან და პატრიარქის ქორეპისკოპოს თეოდორე ჭუაძესთან, რათა მას მისცემოდა მამობრივი დარიგება და ძმური შეგონება. საუბრისას, არქიმანდრიტ ილიას მიუთითეს მის მიერ ცილისმწამებლურ და სასულიერო პირთა შეურაცხმყოფელ გამონათქვამებზე, რაზეც სინანულის გამოხატვის ნაცვლად, არქიმანდრიტმა ილიამ განაგრძო თავის პოზიციის გამართლება.

საპატარქიარქოდან გასვლის შემდეგ არქიმანდრიტმა ილია თოლორაიამ მედიის წინაშე არაერთი მსგავსი განცხადება გააკეთა. აღნიშნული ფაქტის საფუძველზე, საბოლოო დასკვნის მისაღებად, იქვე შედგა კომისიის სხდომა. სხდომის დასრულების შემდეგ, კომისიის წევრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიმართეს, მოციქულთა 55-ე მუხლის საფუძველზე, არქიმანდრიტ ილიასთვის მღვდელმოქმედების შეჩერების შუამდგომლობით, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს.

'კლირიკოსი, რომელიც ეპისკოპოსს შეურაცხყოფს, განკვეთილ იქნეს, რამეთუ ნათქვამია, მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ბოროტი', საქმე 23.5" - წერია დასკვნაში, რომელსაც ხელს მოსაყდრე შიო მუჯირი და პატრიარქის მიდივანი მიქაელ ბოტკოველი აწერენ.

საპატრიარქოს 5 ნოემბერსვე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, პატრიარქმა დააკმაყოფილა ეპარქიალური კომისიის წარდგინება და "სამების საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ ილიას ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ზოგადად ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის", აეკრძალა მღვდელმოქმედების უფლება, "ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს".

არქიმანდრიტმა ილია თოლორაიამ 5 ნოემბერს, ეპარქიალური სხდომიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ სხდომიდან "ფაქტობრივად გამოაგდეს" და არ მოუსმინეს.

"მეუფე შიომ მითხრა, რომ ჩემი განცხადებები იყო შეურაცხყოფა. თქვენ ეკლესიას და პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებ და უნდა მოინანიოო. თავიდან საუბარსაც თითქმის არ მაცდიდნენ, ჩემგან ითხოვდნენ ერთ სიტყვას - მოინანიე და გადი. მე ასე არ გავჩერდი, ვუთხარი, მათქმევინეთ სიტყვა. რაც ვთქვი, ავხსნი-მეთქი. ვთქვი, რომ თქვენგან სიტყვა არ გამიგია იმაზე, რომ რუსეთი არის მტერი, ოკუპანტი, გინტურზე, ანწუხელიძეზე, ახალგაზრდები რომ დასისხლიანებულები არიან ქუჩაში, ერთი სიტყვა მათ დასაცავად თქვენგან არ გამიგია-მეთქი. მეუფემ მითხრა, მე მაქვს სიტყვა "ოკუპანტი" ნათქვამიო. ვუთხარი, ბოლო პერიოდში არსად არ გითქვამთ ეს სიტყვა.

მითხრეს, ან მოინანიე, ან ჩვენ ზომებს მივიღებთო. ამ დროს შემოდის მამა ანდრია და მეუბნება, გადი გარეთო. [...] ანუ ფაქტიურად გამომაგდეს, ბოლომდე არ მასაუბრეს, არ მოისმინეს ჩემი სიტყვები. გამომაგდეს და გამოსვლის დროს ანდრია ჯაღმაიძე მაწვება, მიჯიკავებს ხელით". - თქვა არქიმანდრიტმა ილია თოლორაიამ.

ცნობისთვის, 29 ოქტომბერს მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის სხდომაზე არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილის საკითხიც განიხილეს. თავად არქიმანდრიტი კომისიის სხდომას არ დასწრებია.

საქართველოს საპატრიარქოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, პატრიარქმა ილია მეორემ დააკმაყოფილა ეპარქიული კომისიის შუამდგომლობა და არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა. 

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ეპარქიულ კომისიაზე 16 ოქტომბერსაც იყო დაბარებული. მაშინ კომისიამ ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარს "მკაცრი გაფრთხილება" გამოუცხადა. 

კომენტარები