ქვემო ქართლის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის მამას TV პირველის ჟურნალისტზე თავდასხმის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით, 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასამართლოზე გირაოს შეფარდება ბრალდების მხარემ მოითხოვა.
შინჯიკაშვილის მამას პროკურატურამ ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და მასზე ძალადობის ფაქტებზე ბრალდება 8 ოქტომბერს წარუდგინა.
გამოძიების ცნობით, 2025 წლის 12 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ მარტყოფში, ბრალდებულმა ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტს და ოპერატორს მათთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მიზნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მათ კამერა და ტელეფონი წაართვა.
TV პირველის ჟურნალისტი, მარიამ მაკასარაშვილი, რომელმაც 12 მაისს დაზიანება მიიღო, ამბობდა, რომ ქვემო ქართლის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის მამამ მას და მის ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, საკუთარი და მედიის კუთვნილი ტექნიკა წაართვა. ტელევიზიის ცნობით, ჟურნალისტი მიღებული დაზიანების გამო კლინიკაში გადაიყვანეს - მას ტვინის შერყევა ჰქონდა.
ცნობისთვის, 12 მაისს ცნობილი გახდა, რომ გიორგი შინჯიკაშვილმა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობა დატოვა. გასულ წელს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შინჯიკაშვილს კონფლიქტი ჰქონდა გდდ-ს უფროს ზვიად ხარაზიშვილთან, იგივე ხარებასთან.


![გამოვლენილია ფინანსური დანაშაულის 3 ფაქტი, დაკავებულია 6 პირი – საგამოძიებო [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/ssaa.png.jpg?itok=1wfu_1Ke)


