ძალადობა ჟურნალისტებზე

სსს-მა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

კადრი ვიდეოდან/TV პირველი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტვ პირველის ჟურნალისტ მარიამ მაკასარიშვილსა და მის ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 140 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან 2 წლამდე.

ცნობისთვის დღეს, 12 მაისს, ტვ პირველის ჟურნალისტს, მარიამ მაკასარაშვილს და მის ოპერატორს ქვემო ქართლის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებულის უკვე ყოფილი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის მამამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ტექნიკა წაართვა. 

"გიორგი შინჯიკაშვილის მამამ თავდაპირველად ჩემს ოპერატორს წაართვა აპარატურა, კამერა, რომლითაც ვწერდით ინტერვიუს, ამის შემდეგ მეც გამომართვა ტელეფონი, ხელიც კი გამარტყა.

[...] ჩამორთმეული გვაქვს საკუთარი მობილური ტელეფონი და ასევე, კომპანიის მფლობელობაში არსებული ტექნიკა. ამ დრომდე არცერთი ძალოვანი უწყების თანამშრომელი არ გამოჩენილა, საინტერესოა, როდის ექნება უწყებას რეაგირება. ტექნიკა ახლა არის გიორგი შინჯიკაშვილის სახლში, რომელიც მისმა მამამ გაიტაცა. ის ჩვენ გვესაუბრებოდა და უცებ გახდა აგრესიული.

[...] სახეზე დაზიანებები აღგვენიშნება მეც და ჩემს ოპერატორსაც, კამერაც იყო დაზიანებული, მოტეხილი ჰქონდა ნაწილები და ასე შეიტანა სახლში. [...]" - თქვა ჟურნალისტმა, მარიამ მაკასარაშვილმა.

იქამდე, ცნობილი გახდა, რომ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, გიორგი შინჯიკაშვილმა თანამდებობა "პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე" დატოვა. შინჯიკაშვილი წერს, რომ რჩება "ქვეყნის და ერის სამსახურში".

გასული წლის ივნისში, რამდენიმე ტელევიზიამ - ტვ პირველმამთავარმა არხმა და ფორმულამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ შინჯიკაშვილი დაპირისპირებული იყო გდდ-ს უფროს ზვიად ხარაზიშვილთან, რის გამოც, შინჯიკაშვილმა გარკვეული პერიოდით ქვეყანაც დატოვა.

კომენტარები