ძალადობა ჟურნალისტებზე

მაკასარაშვილი: შინჯიკაშვილის მამა მოულოდნელად გახდა აგრესიული, იქამდე მესაუბრა ხარებაზეც

ნახავდით, რომ როდესაც შევდივარ სახლში, ნებართვას ვიღებ ინტერვიუზე და მეუბნება - კი. 

ამის შემდეგ მესაუბრება ხარებაზეც მათ შორის, რომ ხარებასთან კონფლიქტი მის შვილს აღარ აქვს. საუბარია გიორგი შინჯიკაშვილის მამაზე, რომელიც ამბობს, რომ ახლავე დავურეკავ ხარებას, და ახლავე მოვა ჩვენთან, იმიტომ, რომ ჩვენ კონფლიქტი არ გვაქვსო. ამის შემდეგ, როდესაც  დავასრულეთ მუშაობა ადგილზე, მოულოდნელად გახდა ეს კაცი აგრესიული, გამოვიდა, ჯერ ჩემს ოპერატორს წაართვა კამერა და ჩაარტყა თავში, ნუკრის ჰემატომა აღენიშნება, რაც დაფიქსირდა უკვე, მისი კვლევებიც მიმდინარეობს.

რაც შეეხება ჩემს მობილურს, იფიქრა, რომ ამ მობილურით გადავიღებდი, ეს მობილური რომ გამომართვა, ამის შემდეგ გამარტყა ხელი. 

სასწრაფოზეც უნდა აღინიშნოს, ვთხოვდი ამ ადამიანებს, რომ არა რუსთავის კლინიკაში, არამედ, მაღალპროფილურ კლინიკაში გადმოვეყვანე, რადგან თავის ძლიერი ტკივილი, პირღებინების შეგრძნება მქონდა, თავბრუ მეხვეოდა... ერთი საათის განმავლობაში ადგილზე მოსული სასწრაფოს ეკიპაჟი ცდილობდა, გაერკვია, არ ვიცი, რას არკვევდა, ზედამხედველ პირებს უკავშირდებოდა და ისინი ეუბნებოდნენ, რომ არა ინგოროყვაში, მხოლოდ კლინიკა რუსთავში, სავარაუდოდ, იქ უფრო ადვილი იქნებოდა თქმა, რომ ხელის გარტყმის შედეგად ტვინის შერყევა არ მქონდა და ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, რეალურად თავს კარგად არ ვგრძნობდი...

ამბობს TV პირველზე ჩართვისას ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი, რომელსაც ტვინის შერყევა დაუდგინდა. მისი თქმით, აქვს სახეზე დაბეჟილობაც.

TV პირველის გადამღებ ჯფუფს ქვემო ქართლის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის მამამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ტექნიკა წაართვა. 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს

კომენტარები