4 ოქტომბერი

მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია

მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი ექიმ გია ჩახუნაშვილისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯას ეხმაურება.

გთავაზობთ აკადემიის განცხადებას უცვლელად:

ღრმა შეშფოთებით ვეხმიანებით აკადემიის პრეზიდენტის, პროფესორ გიორგი ჩახუნაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომლის საფუძველზეც მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გიორგი ჩახუნაშვილი არის ცნობილი ექიმი, პედიატრი, პროფესორი, აკადემიკოსი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ემსახურება საქართველოს, ქართულ მედიცინას, მეცნიერებასა და განათლებას.

მისი პროფესიული ბიოგრაფია, საზოგადოებრივი საქმიანობა და პიროვნული ავტორიტეტი საყოველთაოდ ცნობილია, იგი იყო ექიმის პროფესიის, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და ჰუმანიზმის მაგალითი.

იმის გათვალისწინებით, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბატონი გიორგის გარდა, დაპატიმრებულია კიდევ 6 ადამიანი, ჩვენ მოვითხოვთ, რომ სრულიად 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიანი და ობიექტური გადახედვა მოხდეს კანონის გათვალისწინებით, ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით.

ასევე, სასამართლო პროცესის შესაბამისობის შეფასებას მოვითხოვთ სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებთან. ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის, ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ საქმის შესწავლას, საერთაშორისო სამედიცინო, სამეცნიერო და აკადემიურ საზოგადოებას მოვუწოდებთ ჩართულობის პროცესისკენ ამ საქმის მონიტორინგში. 

პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის, ღირსების და ფუნდამენტური უფლებების სრულ დაცვას სასჯელის აღსრულების პერიოდში, ყველა სამართლებრივი შესაძლებლობის გამოყენება პატიმართა უფლებების აღდგენისა და სამართლიანობის უზრუნველყოფის მიზნით. 

საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემია გააგრძელებს დემოკრატიულ, კანონიერ და მშვიდობიან საქმიანობას პროფესორ გია ჩახუნაშვილის და სხვა პატიმართა უფლებების დასაცავად.

19 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ 7 პირს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, ზაქრო ალბუთაშვილს, კახაბერ მჟავანაძეს, დავით სტურუასა და ია დარახველიძეს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.


4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე შეკრება მოქალაქეებმა 16:00 საათიდან დაიწყეს. 18:00 საათზე, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მისი განცხადებით, "ეროვნული კრების დეკლარაცია" წაიკითხა და თქვა, რომ "ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს".

ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ - " მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება" - თქვა მან.

მოქალაქეთა ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ჯებირები მოარღვია, გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა. 

მომიტინგეთა ნაწილი ათონელის ქუჩაზე დარჩა, ნაწილი რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე. გდდ-მ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი და გაზი, ასევე წყლის ჭავლი. 

ცოტა ხანში ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ , ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ "თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით" გამოძიება სსკ-ს 4 მუხლით: 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე დაიწყო.

რამდენიმე საათში გახდა ცნობილი, რომ 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ვაჟა ბერიძე დააკავეს. მომდევნო დღეებში აიყვანეს აქციის მონაწილეებიც. ივანიშვილის პრემიერმა არაერთხელ თქვა, რომ დაკავებულთა რიცხვი "მნიშვნელოვნად გაიზრდება".

კომენტარები