ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

მელონის თქმით, იტალია პალესტინას მხოლოდ ღაზიდან ჰამასის ჩამოშორების შემთხვევაში აღიარებს

იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი

იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ 23 სექტემბერს განაცხადა, რომ იტალია მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიარებს პალესტინის სახელმწიფოებრიობას, თუკი ღაზაში ტყვეობაში მყოფი ყოველი ისრაელელი მძევალი გათავისუფლდება და ჰამასის ტერორისტული ორგანიზაცია ყოველგვარ სამთავრობო როლს ჩამოშორდება. 

"მე არ ვეწინააღმდეგები პალესტინის აღიარებას, მაგრამ ჩვენ სწორი პრიორიტეტები უნდა დავისახოთ," განუცხადა მელონიმ რეპორტიორებს. 

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, იტალიის პრემიერმა ასევე თქვა, რომ საერთაშორისო წნეხი ისრაელის მაგივრად ჰამასზე უნდა იყოს. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი ჰამასმა დაიწყო და მშვიდობის დამყარებას, მძევლების არ გათავისუფლებით, სწორედ ის უშლის ხელს.

ცნობისთვის, 22 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოებრიობა მონაკომ, ლუქსემბურგმა, ბელგიამ, მალტამ და ანდორამ აღიარეს მას შემდეგ, რაც წინა დღით იგივე ნაბიჯი გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ ავსტრალიამ და პორტუგალიამ გადადგა. 

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოს, ავსტრალიისა და კანადის მხრიდან პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების შემდეგ, ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის მაღალჩინოსანმა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს "გამარჯვება" უწოდა.

"რამდენადაც შორს არ უნდა წავიდეს ოკუპაცია თავისი დანაშაულების კუთხით, ის ვერასდროს შეძლებს ჩვენი ეროვნული უფლებების წაშლას," განუცხადა მაჰმუდ მარდავიმ AFP-ს. 

თავის მხრივ, დასავლური ქვეყნების მიერ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების პასუხად, ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ აღნიშნული ქვეყნების ლიდერები "ტერორს აჯილდოებენ" და დაამატა, რომ პალესტინური სახელმწიფო "ვერ ჩამოყალიბდება".

"მკაფიო გზავნილი მაქვს იმ ლიდერებისთვის, რომლებიც პალესტინის სახელმწიფოს აღიარებენ 7 ოქტომბრის საშინელი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ - თქვენ ტერორს დიდად აჯილდოებთ," აცხადებს ნეთანიაჰუ გავრცელებულ ვიდეოში.

"მე კიდევ ერთი გზავნილი მაქვს თქვენთვის: ეს არ მოხდება, იორდანიის დასავლეთით პალესტინური სახელმწიფო ვერ ჩამოყალიბდება." - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა. 


ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისრაელი "კატეგორიულად" უარყოფს გაერთიანებული სამეფოსა და სხვა სახელმწიფოების მხრიდან პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას.

"[ეს] უფრო მეტ დესტაბილიზაციას იწვევს რეგიონში და სამომავლოდ პრობლემის მშვიდობიანად გადაჭრის შანსებს ძირს უთხრის." - წერს ისრაელის საგარეო სამინისტრო X-ზე.

ისრაელის თქმით, ეს "არა მხოლოდ აჯილდოებს ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელების მიმართ ჩადენილ ყველაზე დიდ ხოცვა-ჟლეტას იმ ტერორისტული ორგანიზაციის მიერ, რომელიც მოითხოვს და ცდილობს ისრაელის განადგურებას, არამედ კიდევ უფრო ამყარებს ჰამასისადმი მხარდაჭერას."

პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის, რომელმაც თქვა, რომ ეს ნაბიჯი "ჰამას აჯილდოებს."

პრეზიდენტის თვითმფრინავ Air Force One-ზე რეპორტიორებთან ტრამპმა აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით, შეიძლება ითქვას, რომ "ჰამასს აჯილდოებ და არ მგონია, რომ ისინი უნდა დაჯილდოვდნენ."

"მე ამ ბანაკს არ მივეკუთვნები. გაცნობებთ, სადაც ვდგავართ, მაგრამ ამ ბანაკში არ ვარ. თუ ამას გააკეთებ, რეალურად ჰამასს აჯილდოებ და მე ამას არ ვაპირებ." - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა. 

კომენტარები