ე.წ. სამხრეთ ოსეთი

გაგლოევი "ქართულ ოცნებას": აღიარეთ სამხრეთ ოსეთი

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დეფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი
gdb.org

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელი, ალან გაგლოევი ქართულ ოცნებას მიმართავს და მოუწოდებს, რომ მათ ე.წ. სამხრეთ ოსეთი აღიარონ.

გაგლოევის მტკიცებით, "დროა, შემდეგი ნაბიჯი გადადგან მათ, ვინც საქართველოში საკუთარ თავში იპოვა კაცობა საიმისოდ, რომ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიაზე სააკაშვილის პასუხისმგებლობა ეღიარებინა". 

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. რესპუბლიკის "გამოცხადების 35-წლეული" აღნიშნეს - სამხედრო აღლუმში სეპარატისტმა და რუსმა სამხედროებმა მიიღეს მონაწილეობა.

"ღიად ვამბობთ: დროა, შემდეგი ნაბიჯი გადადგან მათ, ვინც საქართველოში საკუთარ თავში იპოვა კაცობა საიმისოდ, რომ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიაზე სააკაშვილის პასუხისმგებლობა ეღიარებინა. აღიარეთ სამხრეთ ოსეთი. არა პოლიტიკის გულისთვის, მომავლისთვის, სამართლიანობისთვის, იმისთვის, რომ კავკასიის ყველა ერი მშვიდობიანი ცის ქვეშ ცხოვრობდეს". - თქვა გაგლოევმა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ასევე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო, რომელმაც პუტინის მიმართვა წაიკითხა. რუსეთის პრეზიდენტის მიმართვაში ნათქვამია, რომ "რუსეთი განაგრძობს ეროვნული უსაფრთხოების მხრივ სამხრეთ ოსეთის ყოველმხრივ მხარდაჭერას, ასევე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური ამოცანების გადაწყვეტაშიც". 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში ოკუპირებული ცხინვალის პროპაგანდისტულმა მედიამ გამოაქვეყნა სტატიას, სადაც წერია, რომ "საქართველო აღიარებს 2008 წელს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებას". სტატია ეხება ქართული ოცნების საგამოძიებო კომიტეტის მიერ შემუშავებულ 460 გვერდიან დასკვნას, სადაც ივანიშვილის გუნდი 2008 წლის ომის დაწყებას წინა ხელისუფლებას აბრალებს. 

ცნობისთვის, 8 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვა აცხადებდა, რომ ქართული ოცნების განცხადებები ე.წ. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ "სააკაშვილის მიერ განხორციელებული აგრესიის შესახებ" "იმედისმომცემია" და აუცილებელია საქართველომ ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმებთან ძალის არგამოყენების ხელშეკრულება დადოს.

მანამდე, გასული წლის 14 სექტემბერს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში წინასაარჩევნოდ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ "უნდა გამოვძებნოთ საკუთარ თავში ძალა ბოდიშის მოსახდელად", რადგან "მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები."

კომენტარები