დღეს, 10 მაისს, ბოსნია-ჰერცეგოვინის შემადგენლობაში მყოფ სერბთა რესპუბლიკის პრორუსული განწყობების მქონე ლიდერი, მილორად დოდიკი ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტს, ალან გაგლოევს მოსკოვში შეხვდა.
დოდიკი, რომელიც პუტინთან არის დაახლოებული და მას პერიოდულად ხვდება, მარიონეტმა ლიდერმა ოკუპირებულ ცხინვალში ზაფხულის ბოლოს ეკონომიკურ ფორუმზე დაპატიჟა.
"თქვენთან კომუნიკაცია სადღესასწაულო ღონისძიებების დროს უკვე მოვასწარით, თუმცა კიდევ ერთხელ მსურს, ხაზი გავუსვა, რომ თქვენ სამხრეთ ოსეთში გელოდებით". - თქვა გაგლოევმა.
დოდიკი "მიწვევას მზაობით გამოეხმაურა" და გაგლოევი უახლოეს დროში ბოსნია-ჰერცეგოვინის შემადგენლობაში მყოფ სერბთა რესპუბლიკაში დაპატიჟა.
"ჩვენ დაინტერესებულები ვართ დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან პარტნიორული ურთიერთობებით. ასევე ვავითარებთ და ვზრდით ჩვენივე წარმოებას, მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომლებსაც ჩვენ არამეგობრული სახელმწიფოები გვიქმნიან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს შეხვედრას რეზულტატებში გაგრძელება მოჰყვეს". - თქვა დოდიკმა.
დოდიკმა თვითმარქვია რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ X-ზეც დაწერა, მარიონეტულ რეჟიმსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის შემადგენლობაში მყოფ სერბთა რესპუბლიკის ძმურ ურთიერთობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ ოკუპირებულ რეგიონს წელს ეწვევა:
"სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტთან, ალან გაგლოევთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მეგობრული და ძმური ურთიერთობები და გამოვხატეთ სწრაფვა შემდგომი თანამშრომლობისადმი. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ გაგლოევს მოწვევისათვის და ვიმედოვნებ, რომ სამხრეთ ოსეთს ამ წელს ვეწვევი. ჩვენი ერები მეორე მსოფლიო ომში დაიტანჯნენ. მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ დღეებში მოსკოვში ვყოფილიყავით, ჩვენს საერთო დღესასწაულზე".
26 თებერვალს ბოსნიის სასამართლომ დოდიკს, რომლის წინააღმდეგაც გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ს სანქციები მოქმედებს, ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა და მას 6 წლით თანამდებობის დატოვება დაავალა გაეროს უმაღლესი საერთაშორისო წარმომადგენლის ბრძანების დაუმორჩილებლობისთვის.
დოდიკი ემხრობოდა ისეთი კანონმდებლობის მიღებას, რომელიც კონსტიტუციური სასამართლოსა და გაეროს უმაღლესი საერთაშორისო წარმომადგენლის, კრისტიან შმიდტის გადაწყვეტილებებს აუქმებდა. შმიდტის თანამდებობა 1995 წელს ბოსნია და ჰერცეგოვინაში ომის ხელახალი გაღვივების აღკვეთის მიზნით შეიქმნა.
გადაწყვეტილების პასუხად დოდიკმა ხელი მოაწერა კანონებს, რომლებიც ცენტრალურ სასამართლოს და ცენტრალურ პოლიციას რეგიონზე წვდომას უზღუდავს, რის გამოც სახელმწიფო პროკურატურამ მის წინააღმდეგ კონსტიტუციურ წესრიგზე თავდასხმის ბრალდებით გამოძიება დაიწყო.
12 მარტს, ბოსნიის პროკურატურამ დოდიკისა და ავტონომიური ერთეულის მთავრობის სხვა წევრების დაკავების ბრძანება გასცა, მას შემდეგ, რაც ისინი სასამართლოში კონსტიტუციურ წესრიგზე თავდასხმის საქმეზე არ გამოცხადნენ.
ასევე, დოდიკს არაერთხელ გაუკეთებია სეპარატისტული განცხადებები.
- ბოსნია ძველ კონსტიტუციას უნდა დაუბრუნდეს, ან დაიშალოს – დოდიკი სეცესიის მუქარას ანახლებს
- ბოსნიაში სერბმა დეპუტატებმა საკუთარი ჯარისა და სასამართლოს გამოყოფას მისცეს ხმა
2021 წლის დეკემბერში დოდიკმა სერბთა რესპუბლიკის სეცესია სცადა ისეთი სახელმწიფო ინსტიტუციებიდან, როგორიცაა სასამართლო, საერთო შეიარაღებული ძალები და საგადასახადო სისტემა. დოდიკმა, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, ასევე შიშით, რომ უკრაინის კონფლიქტი ბალკანეთს გადაედებოდა, სეცესიისგან თავი შეიკავა. ის ამბობდა, რომ გეგმას აფერხებდა და არა უარს ამბობდა.
ბოსნია-ჰერცეგოვინის სახელმწიფოში გაერთიანებულია ორი პოლიტიკური ერთეული: სერბთა რესპუბლიკა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაცია, რაც 1995 წელს დეიტონის ზავის შედეგია, რომელმაც ბოსნიის ომი დაასრულა.
ბოსნიის ომი 1992 წელს, იუგოსლავიის დაშლის შემდეგ დაიწყო, როდესაც ბოსნიელმა სერბებმა, იუგოსლავიის ჯარების დახმარებით, სცადეს ეთნიკურად სუფთა ტერიტორიების შექმნა და სერბეთთან გაერთიანება. ამავეს ცდილობდნენ ბოსნიელი ხორვატებიც, ხორვატიის დახმარებით.
ომი მუსლიმ ბოსნიელებს, მართლმადიდებელ სერბებსა და კათოლიკ ხორვატებს შორის 1995 წელს აშშ-ს შუამავლობით გაფორმებული დეიტონის შეთანხმებით დასრულდა. ზავის შედეგად, ერთ ქვეყანაში გაერთიანდა ორი ადმინისტრაციული ერთეული: სერბული უმრავლესობის სერბთა რესპუბლიკა და ბოსნიელებისა და ხორვატების უმრავლესობის ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაცია.