ე.წ. სამხრეთ ოსეთი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას არ ვაპირებთ

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მარკ ტონერის თქმით, ამერიკა არ აღიარებს ოკუპირებული ცხინვალის მცდელობას, ჩაატაროს რეფერენდუმი რუსეთთან მიერთების საკითხზე.

"ჩვენ საქართველოსთან დაკავშირებით ასეთი პოზიცია გვაქვს: მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რაც სამხრეთ ოსეთსაც მოიცავს. ამრიგად, ჩვენ არ ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთის მცდელობებს, მოიპოვოს დამოუკიდებლობა ან მოითხოვოს სუვერენიტეტი. ცალსახად არ ვუჭერთ ამას მხარს", - აღნიშნა მარკ ტონერმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, Twitter-ის საშუალებით უკვე გამოეხმაურა რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვი. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ამერიკის პოზიციას მნიშვნელობა არ აქვს.

გუშინ, მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა თქვა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში შესვლის საკითხთან დაკავშირებული რეფერენდუმი ოკუპირებულ რეგიონში 2017 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩატარდება.

კომენტარები