ე.წ. სამხრეთ ოსეთი

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრი რუსი გენერალი გახდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის მინისტრი გენერალ-ლეიტენანტი იური იაროვიცკი
Facebook

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის მინისტრი რუსი გენერალ-ლეიტენანტი იური იაროვიცკი გახდა.

შესაბამის განკარგულებას მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა მოაწერა ხელი.

კიდევ ერთი ბრძანებით ე.წ. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა გენერალ-მაიორი ინალ საბანოვი, რომელიც დროებით თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.

იური იაროვიცკი პროფესიონალი რუსი სამხედროა, რომელიც სხვადასხვა წლებში, როგორც საბჭოთა, ისე რუსულ სამხედრო ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობდა. იყო 1994-1995 წლებში გროზნოს შტურმის მონაწილე. 

ხელისუფლებაში პუტინის მოსვლის შემდეგ, სხვადასხვა წლებში იყო 81-ე მოტომსროლელი პოლკის შტაბის მეთაური, 239-ე სატანკო პოლკის 34-ე დივიზიის, 35-ე არმიის შემადგენლობაში არსებული 35-ე ბრიგადის მეთაური.

2015-2016 წლებში იაროვიცკი სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას.

2020 წლიდან იკავებდა ნიკარაგუაში მთავარი სამხედრო მრჩევლის თანამდებობას.

კომენტარები