პოლონეთი

პოლონეთი რუსეთიდან მომდინარე საფრთხის გამო კიბერუსაფრთხოების ბიუჯეტს რეკორდულად ზრდის

პოლონეთის მთავრობა რუსეთიდან მომდინარე ჰაკერული თავდასხმების გამო კიბერუსაფრთხოების ბიუჯეტს რეკორდულ €1 მილიარდამდე ზრდის.

ციფრული საკითხების მინისტრის მოადგილის, დარიუშ სტანდერსკის თქმით, პოლონეთი ევროკავშირის ქვეყნებს შორის კიბერთავდასხმებისთვის რუსეთის მთავარი სამიზნეა. მისი თქმით, პოლონეთზე ყოველდღიურად 20-დან 50-მდე კიბერშეტევა მიაქვთ ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაზიანებლად. სტანდერსკის თქმით, პოლონეთი თავდასხმების უმეტესობას იგერიებს, თუმცა რუსებმა შეძლეს პოლონეთის ჯანდაცვის სისტემებში შეღწევა, მათი მუშაობის რამდენიმე საათით შეჩერება და სამედიცინო მონაცემების მოპოვება. 

არსებული ინფორმაციით, ახალი კანონმდებლობა კიბერუსაფრთხოების ბიუჯეტს €600 მილიონიდან €1 მილიარდამდე გაზრდას ითვალისწინებს. 

მინისტრის მოადგილემ ასევე თქვა, რომ გასულ თვეს რუსეთმა კიბერთავდასხმა მიიტანა პოლონეთის ერთ-ერთი დიდი ქალაქის წყალმომარაგების სისტემაზე. პოლონეთის მთავრობამ კი აღნიშნული სისტემების კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად €80 მილიონი გამოყო.

კომენტარები