დარიალის გამშვები პუნქტი

შსს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მყოფი უკრაინელების შესახებ განცხადებას ავრცელებს

შსს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მყოფი უკრაინელების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ 80-მდე პირი "არავალიდური დოკუმენეტების" საფუძველზე საქართველოს საზღვის კვეთას ითხოვს. ასევე, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აღნიშნულ პირებს წარსულში მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი და შესაბამისად, "სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა არ მიეცათ".

"აღნიშნულ პირთა უმრავლესობას აქვს მძიმე კრიმინალური წარსული და გასამართლებულნი არიან არაერთგზის – მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის, რაც დასტურდება მათ მიერ წარმოდგენილი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების ცნობით. ამასთან, ისინი თავადვე აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიდნენ სასჯელს ჩადენილი დანაშაულისთვის. შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა არ მიეცათ" - წერია განცხადებაში.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "ქართულმა მხარემ უკრაინულ მხარეს შესთავაზა რამდენიმე მექანიზმი, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოდ გაყვანა და დაბრუნება მათ სამშობლოში. ჩვენ მიერ შეთავაზებული იყო როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო გზით, მოცემულ პირთა სამშობლოში დაბრუნების ვერსიები".

შსს ცნობით, საზღვაო გზით დაბრუნებაზე უკრაინული მხარე ჯერჯერობით თავს იკავებს და ამ დრომდე მათი გაყვანის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

"ამ პირთა სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნების მექანიზმზე შეჯერებასთან, მათ შორის მათი საჰაერო გზით გადაყვანასთან დაკავშირებით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ერთობლივი კონსულტაციები. ვიმედოვნებთ, რომ უკრაინული მხარე დროულად მიიღებს გადაწყვეტილებას საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით" - აცხადებს შსს 

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი დიპლომატები რუსეთის მიერ "გაყრილი" მოქალაქეების უკრაინაში დასაბრუნებლად მუშაობენ.

ასევე, 27 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ საზღვარზე ჩარჩენილი უკრაინელების მოლდოვაში ევაკუაციის პროცესი დაიწყო, რის შედეგადაც ისინი სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყვნენ. რუსეთიდან დეპორტირებულ პირთა დიდი ნაწილი ყოფილი პატიმარია, რომელიც რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან გაიტაცა და თვეების განმავლობაში ე.წ. უცხოელთა ცენტრებში აცხოვრა. 

BBC-ს ინფორმაციით, ევაკუაციის პროცესის დროს, მოლდოვამ აღნიშნულ პირთა ნაწილს უარი უთხრა ქვეყნის საზღვრის გადაკვეთაზე, რადგან რამდენიმე პირმა უკრაინაში არ ჩააღწია და მოლდოვაში დარჩა, რისი უფლებაც მათ არ არ ჰქონდათ.

კომენტარები