სასაზღვრო გამტარ პუნქტ დარიალთან მყოფი უკრაინის 65 მოქალაქე სამშობლოში ნებაყოფლობით, ჩარტერული რეისით, მესამე ქვეყნის გავლით დაბრუნდა - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო უკრაინის მოქალაქეთა გადმოყვანა სასაზღვრო გამტარ პუნქტ დარიალიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც მოხდა მათი უკრაინის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისთვის გადაცემა. თავის მხრივ, მათ უზრუნველყვეს უკრაინის მოქალაქეთა ბორტზე განთავსება და ჩარტერული რეისით მგზავრობისას მათი თანხლება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვართან კვლავ რჩება იმ პირთა გარკვეული ნაწილი, რომელთა სამშობლოში ორგანიზებულ, უსაფრთხო და ნებაყოფლობით დაბრუნებაზე ქართული მხარე ინტენსიურად განაგრძობს მოლაპარაკებებს უკრაინულ მხარესთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
იმედს ვიტოვებთ, რომ საზღვარზე დარჩენილ პირებთან დაკავშირებით პროცესი აღარ გაჭიანურდება და ისინი დროულად, უახლოეს მომავალში შეძლებენ თავიანთ სამშობლოში დაბრუნებას" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ცნობით, საზღვართან, ნეიტრალურ ზონაში კიდევ რჩება უკრაინის რამდენიმე მოქალაქე, რომელთა სამშობლოში დაბრუნებაზეც მხარეები მუშაობენ.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სასაზღვრო გამტარი პუნქტის, „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში რუსეთის ფედერაციიდან მომავალი 87 პირი იმყოფებოდა, რომლებიც ითხოვდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას არავალიდური დოკუმენტებით და აცხადებდნენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები. სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნულ პირებს არ მიეცათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა, რადგან ყველა მათგანს აქვს მძიმე კრიმინალური წარსული და გასამართლებულნი არიან არაერთგზის – მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის. გარდა ამისა, მათ არ ჰქონდათ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ვალიდური დოკუმენტები და ვერ აკმაყოფილებდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაშვების კრიტერიუმებს.
გასული თვეების განმავლობაში ქართულმა მხარემ არაერთი სამუშაო შეხვედრა გამართა როგორც საქართველოში უკრაინის საელჩოსთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. აღნიშნული საკითხის დარეგულირების მიზნით, ასევე, გამოყენებულ იქნა პოლიციის ატაშეების ქსელი, რომლის ფარგლებშიც კომუნიკაცია შედგა უკრაინაში საქართველოს პოლიციის ატაშესა და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან ერთად, კომპეტენციის ფარგლებში, იღებს საჭირო ზომებს, რათა ერთი მხრივ დაცული იქნეს საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოება და მეორე მხრივ დროულად მოხდეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში დარჩენილი პირების საკუთარ სამშობლოში დაბრუნება" - წერს უწყება.
ცნობისთვის, 5 აგვისტოს დარიალის გამშვებ პუნქტში მყოფი უკრაინის მოქალაქეების ნაწილმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა, რომელსაც შემდგომ სხვებიც შეუერთდნენ.
რუსეთი საქართველოს საზღვარზე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გასამართლებულ უკრაინის მოქალაქეებს გზავნის. უმეტეს შემთხვევაში ბრალდებულები სასჯელს რუსეთის კოლონიებში იხდიდნენ, სადაც ისინი საკუთარი ნების წინააღმდეგ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ 20 ივლისს შსს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მყოფი უკრაინელების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ 80-მდე პირი "არავალიდური დოკუმენეტების" საფუძველზე საქართველოს საზღვის კვეთას ითხოვს. ასევე, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აღნიშნულ პირებს წარსულში მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი და შესაბამისად, "სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა არ მიეცათ".
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "ქართულმა მხარემ უკრაინულ მხარეს შესთავაზა რამდენიმე მექანიზმი, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოდ გაყვანა და დაბრუნება მათ სამშობლოში. ჩვენ მიერ შეთავაზებული იყო როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო გზით, მოცემულ პირთა სამშობლოში დაბრუნების ვერსიები".
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი დიპლომატები რუსეთის მიერ "გაყრილი" მოქალაქეების უკრაინაში დასაბრუნებლად მუშაობენ.
ასევე, 27 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ საზღვარზე ჩარჩენილი უკრაინელების მოლდოვაში ევაკუაციის პროცესი დაიწყო, რის შედეგადაც ისინი სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყვნენ. რუსეთიდან დეპორტირებულ პირთა დიდი ნაწილი ყოფილი პატიმარია, რომელიც რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან გაიტაცა და თვეების განმავლობაში ე.წ. უცხოელთა ცენტრებში აცხოვრა.
BBC-ს ინფორმაციით, ევაკუაციის პროცესის დროს, მოლდოვამ აღნიშნულ პირთა ნაწილს უარი უთხრა ქვეყნის საზღვრის გადაკვეთაზე, რადგან რამდენიმე პირმა უკრაინაში არ ჩააღწია და მოლდოვაში დარჩა, რისი უფლებაც მათ არ არ ჰქონდათ.





