რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, დარიალის გამშვებ პუნქტში მყოფი მოშიმშილე უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა 15-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Эхо Кавказа ავრცელებს.
რუსეთიდან დეპორტირებულმა უკრაინის მოქალაქეებმა, რომლებიც რამდენიმე კვირაა, დარიალის გამშვები პუნქტის სარდაფში ცხოვრობენ, უვადო შიმშილობა გუშინ, 5 აგვისტოს გამოაცხადეს.
Эхо Кавказа-ს მიხედვით, მოშიმშილეები უკრაინის კონსულთან ითხოვენ შეხვედრას. ასევე მოითხოვენ, რომ დაკავების მიზეზი განემარტოთ, საქართველოს ტერიტორიის დატოვების ან საერთაშორისო დაცვის მიღების მოთხოვნის საშუალება მიეცეთ და სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდეთ. ამასთან, უკრაინის მოქალაქეები ითხოვენ, რომ შეწყდეს მათი დაკავება, რომელიც, მათი თქმით, უკანონოა.
გამოცემის თანახმად, მოშიმშილეები გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებენ, რომ საქართველოში უკანონოდ არიან დაკავებულები, პასპორტები წაართვეს, მათი ბიომეტრიული მონაცემები იძულებით მოიპოვეს, სამშობლოში დაბრუნებაზე, თავშესაფრისა და იურიდიული დახმარების მიწოდებაზე უარს ეუბნებიან.
შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ მოშიმშილეებს ქართული მხარის მიმართ კონკრეტული მოთხოვნები არ აქვთ და მათ მიზანს წითელი ჯვრისა და უკრაინის საელჩოს ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნება წარმოადგენს.
რუსეთი საქართველოს საზღვარზე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გასამართლებულ უკრაინის მოქალაქეებს გზავნის. უმეტეს შემთხვევაში ბრალდებულები სასჯელს რუსეთის კოლონიებში იხდიდნენ, სადაც ისინი საკუთარი ნების წინააღმდეგ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ 20 ივლისს შსს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მყოფი უკრაინელების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ 80-მდე პირი "არავალიდური დოკუმენეტების" საფუძველზე საქართველოს საზღვის კვეთას ითხოვს. ასევე, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აღნიშნულ პირებს წარსულში მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი და შესაბამისად, "სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა არ მიეცათ".
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "ქართულმა მხარემ უკრაინულ მხარეს შესთავაზა რამდენიმე მექანიზმი, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოდ გაყვანა და დაბრუნება მათ სამშობლოში. ჩვენ მიერ შეთავაზებული იყო როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო გზით, მოცემულ პირთა სამშობლოში დაბრუნების ვერსიები".
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი დიპლომატები რუსეთის მიერ "გაყრილი" მოქალაქეების უკრაინაში დასაბრუნებლად მუშაობენ.
ასევე, 27 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ საზღვარზე ჩარჩენილი უკრაინელების მოლდოვაში ევაკუაციის პროცესი დაიწყო, რის შედეგადაც ისინი სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყვნენ. რუსეთიდან დეპორტირებულ პირთა დიდი ნაწილი ყოფილი პატიმარია, რომელიც რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან გაიტაცა და თვეების განმავლობაში ე.წ. უცხოელთა ცენტრებში აცხოვრა.
BBC-ს ინფორმაციით, ევაკუაციის პროცესის დროს, მოლდოვამ აღნიშნულ პირთა ნაწილს უარი უთხრა ქვეყნის საზღვრის გადაკვეთაზე, რადგან რამდენიმე პირმა უკრაინაში არ ჩააღწია და მოლდოვაში დარჩა, რისი უფლებაც მათ არ არ ჰქონდათ.





