დარიალის გამშვები პუნქტი

უკრაინის საგარეო: ვაგრძელებთ მუშაობას უკრაინის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებაზე

ზემო ლარსი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი
Radio Svoboda

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო დარიალის გამშვებ პუნქტში მყოფ უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

განცხადება საქართველოში უკრაინის საელჩოს Facebook გვერდზე ვრცელდება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ გამშვებ პუნქტზე ჰუმანიტარულ სიტუაციას მუდმივად აკონტროლებს და აცხადებს, რომ საელჩოს წარმომადგენელი საზღვარზე მყოფ უკრაინელებს შეხვდა და მათი უფლებების შესახებ აცნობა, 7 აგვისტოს კი სამ მოქალაქეს სამედიცინო დახმარება გაეწია, ხოლო 8 აგვისტოს დეპორტირებული მოქალაქეების წარმომადგენელმა საელჩოს აცნობა, რომ მოშიმშილეებმა შიმშილი შეწყვიტეს. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გამშვებ პუნქტზე მყოფი უკრაინის მოქალაქეების წარმომადგენელმა "მადლობა გადაუხადა დიპლომატიურ მისიას რუსული მხარის მიერ ხელოვნურად შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად გაწეული ძალისხმევისთვის".   

გარდა ამისა, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა რუსულ მხარეს კვლავ მოუწოდებს, რომ დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეები რუსეთთან ან ბელარუსთან უკრაინის საზღვარზე პირდაპირ გაგზავნონ. 

"საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკაში უკრაინის საელჩოების ჩართულობით, ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, აგრძელებს მუშაობას უკრაინის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხზე.

უკრაინული მხარე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსა და მოლდოვას ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენლებთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სატრანზიტო გზის განბლოკვა და მოგვარდეს ყველა ლოგისტიკური და ორგანიზაციული დაბრკოლება. შეგახსენებთ, რომ წინა თვის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ დარიალის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტიდან 44 უკრაინის მოქალაქის გამგზავრების ორგანიზება. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენი დანარჩენი მოქალაქეების ტრანზიტი რაც შეიძლება სწრაფად შესაძლებელი გახდეს.

ამავდროულად, საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ განაახლებს თავის მოწოდებას რუსეთის მხარისადმი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ გააჟღერა, დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეები პირდაპირ გაგზავნონ უკრაინის საზღვარზე რუსეთის ფედერაციასთან ან ბელარუსთან. უკრაინა მზადაა მათ დასახვედრად". - წერია განცხადებაში.

მანამდე, საქართველოს შსს აცხადებდა, რომ ქართულმა მხარემ უკრაინულ მხარეს შესთავაზა რამდენიმე მექანიზმი, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოდ გაყვანა, თუმცა დღემდე არ მიუღიათ საბოლოო, ოფიციალური დასტური ჩარტერული რეისით მათი სამშობლოში ორგანიზებულ დაბრუნებასთან დაკავშირებით, რაც ეჭვს აჩენს.

რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეები რამდენიმე კვირაა დარიალის გამშვები პუნქტის სარდაფში ცხოვრობენ. 

ცნობისთვის, 5 აგვისტოს დარიალის გამშვებ პუნქტში მყოფი უკრაინის მოქალაქეების ნაწილმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა, რომელსაც შემდგომ სხვებიც შეუერთდნენ

რუსეთი საქართველოს საზღვარზე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გასამართლებულ უკრაინის მოქალაქეებს გზავნის. უმეტეს შემთხვევაში ბრალდებულები სასჯელს რუსეთის კოლონიებში იხდიდნენ, სადაც ისინი საკუთარი ნების წინააღმდეგ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ 20 ივლისს შსს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მყოფი უკრაინელების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ 80-მდე პირი "არავალიდური დოკუმენეტების" საფუძველზე საქართველოს საზღვის კვეთას ითხოვს. ასევე, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აღნიშნულ პირებს წარსულში მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი და შესაბამისად, "სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა არ მიეცათ".

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "ქართულმა მხარემ უკრაინულ მხარეს შესთავაზა რამდენიმე მექანიზმი, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოდ გაყვანა და დაბრუნება მათ სამშობლოში. ჩვენ მიერ შეთავაზებული იყო როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო გზით, მოცემულ პირთა სამშობლოში დაბრუნების ვერსიები".

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი დიპლომატები რუსეთის მიერ "გაყრილი" მოქალაქეების უკრაინაში დასაბრუნებლად მუშაობენ.

ასევე, 27 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ საზღვარზე ჩარჩენილი უკრაინელების მოლდოვაში ევაკუაციის პროცესი დაიწყო, რის შედეგადაც ისინი სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყვნენ. რუსეთიდან დეპორტირებულ პირთა დიდი ნაწილი ყოფილი პატიმარია, რომელიც რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან გაიტაცა და თვეების განმავლობაში ე.წ. უცხოელთა ცენტრებში აცხოვრა. 

BBC-ს ინფორმაციით, ევაკუაციის პროცესის დროს, მოლდოვამ აღნიშნულ პირთა ნაწილს უარი უთხრა ქვეყნის საზღვრის გადაკვეთაზე, რადგან რამდენიმე პირმა უკრაინაში არ ჩააღწია და მოლდოვაში დარჩა, რისი უფლებაც მათ არ არ ჰქონდათ.

კომენტარები