პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციების, CPJ, RSF და IPI-ის წარმომადგენლები (ემი ბრულეთი, ჟანა კაველი და გილიენ კაიზერი) "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდაჭერის მიზნით რუსთავის ქალთა კოლონიასთან მივიდნენ.
ისინი სოლიდარობას უცხადებენ ამაღლობელს და ითოხვენ, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ყველა ბრალდება მოხსნას ამაღლობლის მიმართ და გაათავისუფლოს ის დაუყოვნებლივ.
"ჩვენ დღეს აქ ვართ, რათა მზიას ვუთხრათ, რომ ის მარტო არ არის. ამ უსამართლო პატიმრობისას, რომელიც აშკარად გამოგონილი ბრალდებების საფუძველზე მოხდა და რის გამოც მას შესაძლოა, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდოს მზია თვალის ჩინს ჰკარგავს.
რა საშინელი უსამართლობაა, როცა ჟურნალისტი, რომელიც იყო სინათლის შუქურა, ჰკარგავს მხედველობას მაშინ, როდესაც პოლიციელები, რომლებმაც სასტიკი ძალადობა გამოიყენეს მომიტინგეების წინააღმდეგ, დაუსჯელები რჩებიან.
მზია, ამაღლობელო, შენს ყველაზე მძიმე დროს ჩვენ შენს გვერდით ვართ და არ ვაპირებთ, გავჩერდეთ მანამ, სანამ თავისუფალი არ იქნები". - განახადა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის წევრმა, გიფსი გილიენ კაიზერმა [ტვ პირველის თარგმანი].
"მზია უბრალოდ ჟურნალისტი არ არის. ის არის პირველი ქალი რეპორტიორი საქართველოში, რომელიც პოლიტიკური მიზეზებით დააპატიმრეს საბჭთა კავშირის დაშლის შემდეგ. მისი დაპატიმრება არა მხოლოდ უსამართლოა, ეს არის აღმაშფოთებელი.
მზიას სასამართლო პროცესი სავსეა აშკარა უსამართლობებით, მათ შორის საჯარო თავდასხმებით ქვეყნის პრემიერ-მიონისტრის მხრიდან - ეს არ არის სამართალი, ეს არის რეპრესია.
ჩვენ რეპორტიორები საზღვრებს გარეშე ვაცხადებთ მკაფიოდ, რომ მზია ამაღლობელის დაკავება ეფუძნება აბსურდულ ბრალდებებს და მიზნად ისახავს ჟურნალისტების გაჩუმებას, რომელიც აკრიტიკებს ხელისუფლებას იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოში ავტორიტარიზმი ძლიერდება.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მოხსნას ყველა ბრალდება და გაათავისუფლოს იგი დაუყოვნებლივ". - განაცხადა რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს წევრმა, ჟანა კაველიემ [ტვ პირველის თარგმანი].
ცნობისთვის, საიას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. საიამ სტრასბურგში საჩივარი 28 აპრილს გააგზავნა.
მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.
მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.
ამასთან, მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად ცნეს და 2 000 ლარით დააჯარიმეს.





