საიას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას აცნობა, რომ მზია ამაღლობელის საქმეზე განხილვა დაწყებულია. ასევე, წერილში მითითებულია, რომ მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეიძლება, ეს საქმე მნიშვნელოვანი ზეგავლენის სტატუსის მქონე გახდეს [...]
მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, პირადი და ოჯახური დაცულობის უფლება და გამოხატვის თავისუფლება [...] საჩივარში მითითებულ დარღვევებთან დაკავშირებით, საქართველოს შესაბამისი დრო მიეცა, რომ იმ კითხვებს უპასუხოს, რაც ამ ეტაპზე, სასამართლოს აინტერესებს". - თქვა საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ.
საიამ სტრასბურგში საჩივარი 28 აპრილს გააგზავნა.
მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.
მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.





