თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის პროცესი მიმდინარეობს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა გდდ-ს თანამშრომლის, ბადრი თათანაშვილის ფოტო, რომელიც დღევანდელ სხდომაზე მოწმის სახით იკითხება.
რადიო თავისუფლების ცნობით, აღნიშნული პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა გააპროტესტა და მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს ფოტო აჩვენა.
აღნიშნულის შემდეგ, გალუსტაშვილმა სხდომა სრულად დახურა, დარბაზი დაატოვებინეს როგორც დამსწრეებს, ასევე მედიასაც.
"გაგაფრთხილეთ, რომ სხდომაზე არ გადაიღოთ, მაინც დაფიქსირდა შემთხვევა, ამიტომ სხდომას ვხურავ" - რადიო თავისუფლების ცნობით, განაცხადა გალუსტაშვილმა.
ქართული ოცნების მიერ მიღებული კანონის თანახმად, სხდომაზე ფოტო და ვიდეო გადაღება აკრძალულია.
დღევანდელ პროცესს დავით ლომიძე არ ესწრება, ადვოკატის ცნობით, მას ოპერაცია უკეთდება
დავით ლომიძეს ხერხემალი აწუხებს, ადვოკატი მიზეზად კი დაკავებისას პოლიციელების მიერ მის ცემას ასახელებს.
ლომიძე გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იყო გადაყვანილი.
დაკავების შემდეგ, მამის მდგომარეობის დამძიმების შესახებ საუბრობდა მისი შვილიც, ბაჭია ლომიძეც.
დავით ლომიძე თემურ ზასოხაშვილთან ერთად 1 დეკემბერს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი სისხლის სამართლის მუხლით. დაკავებისას მათ რამდენჯერმე სცემეს. დავით ლომიძე ადვოკატს უყვებოდა, რომ მიკროავტობუსში, სადაც სხვა დაკავებულებთან ერთად იყო ხელები ზურგსუკან შეუკრეს და ისე ურტყამდნენ.
დავით ლომიძეს რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმასა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.





