რეჟიმის პატიმრები

სისხლის სამართლის მექანიზმების ბოროტად გამოყენების მაგალითია - საია მენთეშაშვილზე

პუბლიკა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გზის განმეორებით გადაკეტვისთვის დაკავებული ზურაბ მენთეშაშვილისთვის 9-თვიანი პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა.

"საყურადღებოა, რომ ჯერ კიდევ პირველი წარდგენის სხდომაზე საია დაუსაბუთებლად აფასებდა ზურაბ მენთეშაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახით პატიმრობის გამოყენებას. ამასთან, ორგანიზაციის შეფასებით, ქმედება, რომლის ჩადენასაც მენთეშაშვილს ედავებიან, გამომდინარეობს მისი კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების თავისუფლების უფლებიდან, აღნიშნული არ წარმოადგენს ვინმესთვის რაიმე სახის საფრთხეს, მას არ გამოუწვევია ზიანი. განმეორების შემთხვევაშიც კი, ის ვერ იქნება იმგვარი შედეგის მომტანი, რომლის პრევენციაც შესაძლოა საჭიროებდეს პირის თავისუფლების უფლებაში უხეშ ჩარევასა და მის საზოგადოებისგან იზოლაციას.

ეს საქმე სისხლის სამართლის მექანიზმების ბოროტად გამოყენების მაგალითია, თავად საკანონმდებლო ცვლილება და შემდგომ მის საფუძველზე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედი მოქალაქეების მსჯავრდება კი ქვეყანაში რეპრესიული პოლიტიკისა და ადამიანის უფლებების უგულებელყოფის გამოხატულებაა". - წერს საია.

საიას განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმმა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიზნით შეიტანა. 

"კვლავ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება, გამოხატვის თავისუფლებასა და გაერთიანების თავისუფლებასთან ერთად, ნებისმიერი ფუნქციური დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედს წარმოადგენს". - წერია საია-ს განცხადებაში.

გზის განმეორებით გადაკეტვისთვის დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა - ის ციხეს 2 თვეში დატოვებს. 

მენთეშაშვილი 7 თვეა პატიმრობაში იმყოფება. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც 1 წლამდე პატიმრობას ითვალისიწინებს.

ცნობისთვის, 2025 წლის 31 ოქტომბრის საღამოს მენთეთაშვილი რუსთაველის გამზირზე დააკავეს.

2025 წლის 1-ელ ნოემბერს შსს-მ განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირის განმეორებით გადაკეტვის გამო, მენთეშაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

კომენტარები