რუსული რეჟიმი

"ლომიძე იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში" - ლომიძისა და ზასოხაშვილის პროცესი გადაიდო

თემურ ზასოხაშვილი სასამართლო პროცესზე
მინდია გაბაძე

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, პოლიციელზე თავდასხმით დაკავებული დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის საქმის არსებითი განხილვა უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ლომიძის პროცესზე გამოუცხადებლობის გამო სხდომა გადაიდო.

მოსამართლემ პროცესზე პენიტენციური დაწესებულებისგან გამოგზავნილი ოქმი წაიკითხა, რომლის მიხედვითაც, დავით ლომიძე მე-18 სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. 

დავით ლომიძის ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას გადაადგილება არ შეუძლია. 

დავით ლომიძეს ხერხემალზე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, რომელიც დაკავებისას პოლიციელების მიერ მისი ცემის შედეგად გაუმიზეზდა.  

"ფორმალურად სასამართლოში მოვიდა წერილი, სადაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დავით ლომიძე აცხადებდა, რომ არ  სურდა, როგორც დისტანციურად ჩართვა, ასევე სასამართლოში გამოცხადება. მაგრამ პენიტენციურად გამოგზავნილ წერილში, ასევე აღნიშნული იყო, რომ ეს ადამიანი გადაყვანილია მე-18 დაწესებულებაში, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაა ციხის ტერიტორიაზე.

მისი მდგომარეობა იმდენად რთულია რომ, როგორც ჩვენთვის ცნობილია , ორი დღის წინ იგი გადაჰყავდათ საპატიმრო დაწესებულებიდან კერძო კლინიკაში, მაგრამ ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზის გამო უკან მიაბრუნეს. უჩიოდა ძლიერ ტკივილებს ფეხის და ხერხემლის არეში. მას შემდეგ, ამ ადამიანს უფრო და უფრო დაუმძიმდა მდგომარეობა და  იმასაც კი ვერ ახერხებდა, რომ ჩემთან გამოსულიყო და უშუალოდ შემხვედროდა. მიზეზი არის ნაოპერაციები, წლების წინ ჰქონდა გაკეთებული ოპერაცია და დაკავებისას მასზე განხორციელებულმა ძალადობამ გამოიწვია ამის პროვოცირება. 

საწოლიდანაც ვერ დგება, როგორც თანამესაკნისგან ვიცით, როდესაც საპირფარეშოში გადის ხშირ შემთხვევაში ისინი ეხმარებიან". - ამბობს ადვოკატი ირაკლი აბსანძე.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დავით ლომიძე სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდა. იგი 21 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომას ვერ დაესწრო, ადვოკატმა სხდომაზე თქვა, რომ დავით ლომიძემ მას შეატყობინა, რომ ვერ დგებოდა, სტკიოდა ხერხემალი, ამის მიზეზად კი დაკავებისას პოლიციელების მიერ მის ცემას ასახელებდა. 

მამის მდგომაროების დამძიმების შესახებ საუბრობდა მისი შვილიც, ბაჭია ლომიძეც. 

დავით ლომიძე თემურ ზასოხაშვილთან ერთად 1 დეკემბერს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი სისხლის სამართლის მუხლით. დაკავებისას მათ რამდენჯერმე სცემეს. დავით ლომიძე ადვოკატს უყვებოდა, რომ მიკროავტობუსში, სადაც სხვა დაკავებულებთან ერთად იყო ხელები ზურგსუკან შეუკრეს და ისე ურტყამდნენ. 

დავით ლომიძეს რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმასა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები