რუსული რეჟიმი

რეჟიმის პატიმრის შვილი: ციხეში მისი მდგომარეობა დამძიმდა - 2 კვირაა საწოლსაა მიჯაჭვული

აქციაზე დაკავებული დაკავებული დავით ლომიძის შვილის, ბაჭია ლომიძის განცხადებით, ციხეში მამამისის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას გადაადგილება უჭირს. 

ლომიძე ამის მიზეზად დაკავებისას პოლიციელების მიერ მამამისის ცემას ასახელებს. მისივე თქმით, დავით ლომიძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ციხეში საკმარისი სამედიცინო ყურადღება არ ექცევა. 

"არის მძიმედ, ცემის გამო, ვერ დგება საწოლიდან, რა ინფორმაციაც მოგვაწოდეს, უწევს იქაური ექიმიც დახმარებას. ფიზიკურად ამ მედიკამენტებმა შვება ვერ მისცა, სჭირდება გადაყვანა, სპეციალური გამოკვლევები. რაც დამძიმდა, სადღაც 2 კვირაა, ფიზიკურად გადაადგილება არ შეუძლია, საწოლსაა მიჯაჭვული. ექიმი ეუბნება, ხო ხედავ დაფაზე მიწერია პირველ ადგილას. სახალხო დამცველის აპარატი ფაქტობრივად არაფერს შვება, რაღაც ოქმი შედგა, შედეგი არ ჩანს, კაცია ცუდად და არავინ ყურადღებას არ აქცევს", - ამბობს ბაჭია ლომიძე TV პირველთან.

ბაჭია ლომიძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრაზე იმყოფება და ელჩს მამის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. 

დავით ლომიძე თენგო ზასოხაშვილთან ერთად 1 დეკემბერს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი სისხლის სამართლის მუხლით. დაკავებისას მათ რამდენჯერმე სცემეს. დავით ლომიძე ადვოკატს უყვებოდა, რომ მიკროავტობუსში, სადაც სხვა დაკავებულებთან ერთად იყო ხელები ზურგსუკან შეუკრეს და ისე ურტყამდნენ.

დავით ლომიძე 21 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომას ვერ დაესწრო, ადვოკატმა სხდომაზე თქვა, რომ დავით ლომიძემ მას შეატყობინა, რომ ვერ დგებოდა, სტკიოდა ხერხემალი, ამის მიზეზად კი დაკავებისას პოლიციელების მიერ მის ცემას ასახელებდა. 

დავით ლომიძეს რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმასა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები