რეჟიმის პატიმრები

სანამ ვინმე შეწყალებაზე ისაუბრებს, სინანულზე ილაპარაკოს - პაპუაშვილი პოლიტპატიმრებზე

ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რეჟიმის პატიმრების შეწყალების საკითხზე საუბრისას თქვა, რომ "შენდობას წინ სინანული უნდა უძღვოდეს".

"შეწყალება ჩემი კომპეტენცია არაა, თუმცა შენდობას წინ ყოველთვის სინანული უძღვის. ესაა ერის და ეკლესიის კანონი. უპირველეს ყოვლისა, სანამ ვინმე შეწყალებაზე ისაუბრებს, მნიშვნელოვანია, სინანულზე ისაუბროს - არის თუ არა სინანული იმ ადამიანებში, რომლებმაც მოლოტოვის კოქტეილებით ადამიანების ცოცხლად დაწვა სცადეს, სცადეს საქართველოს პარლამენტის გადაწვა, ქვეყნის დამხობა. ამიტომ, შენდობას წინ ყოველთვის სინანული უნდა უძღვოდეს". - თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

12 მაისს, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ საპატრიარქო პოლიტპატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით ქართულ ოცნებასთან კიდევ ერთხელ ისაუბრებს.

9 აპრილს პოლიტპატიმრებზე საუბრისას დეკანოზმა ანდრიამ არ გამორიცხა, რომ "შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბრები ამაზე". 

"ეს ხალხი ხომ ჩვენი თანამოქალაქეები არიან, ბევრი მათგანის ოჯახი მრევლია, ურთიერთობა გვაქვს, უბრალოდ, ჩვეულებრივი ადამიანური ამბავია, რომ მათ გამოვესარჩლოთ როგორღაც. შვიდგზის სამოცდაათჯერ შეიძლება ერთი და იმავე რამეზე ვითხოვოთ და თუ ვითხოვთ, შეიძლება განგვეღოს.“- ამბობდა მამა ანდრია.

იქამდე, 2025 წლის დეკემბერში დეკანოზმა განაცხადა, რომ რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ქართულ ოცნებას სამჯერ მიმართეს, თუმცა ამ საკითხს "მსვლელობა არ მიეცა". 

ჯაღმაიძემ დაამატა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე მეუფე შიომ ირაკლი კობახიძეს მიმართა. 

"ჩვენ გვსაყვედურობენ ხოლმე, თითქოს საპატრიარქო ჩამორჩა პროტესტის მხარეს მდგარ ხალხს და რამდენიმე სასულიერო პირმა ბევრი იმუშავა იმისათვის, რომ წარმოეჩინათ საპატრიარქო, თითქოს დაპირისპირებულია მათთან.

პირველ რიგში გეტყვით, რომ პატიმრებთან დაკავშირებით სამჯერ გვაქვს დაყენებული საკითხი, რომ მსუბუქად დანაშაული ვისაც შეიძლება, ჩაეთვალოს, იქნებ გათავისუფლდეს, მათ შორის, მზია ამაღლობელთან დაკავშირებით.

ორჯერ მე თავად მქონდა საუბარი ამის შესახებ ხელისუფლებასთან, ერთხელ მეუფე შიომ უშუალოდ პრემიერთან დააყენა ეს საკითხი - არ მიეცა ამ საკითხს მსვლელობა.

ჩვენ ახლა ამას არ ვაფიშირებთ და არ გვინდა, რომ ნებისმიერი ჩვენი აქტივობა რაღაც პოლიტიკურ პოლუსზე აღმოჩნდეს, ვიღაცის მიერ. 

რაც შეეხება იმ ღამეებს, როდესაც ეს ხდებოდა, ყოველ ღამე ჩვენი სამსახურის მამები მორიგეობით იყვნენ ქაშუეთში და ამ ადამიანებს უქმნიდნენ ერთგვარ ზღუდეს, რომ მათ უკან ეკლესიაში დამდგარიყო ის ხალხი, ვინც დაზარალებული იყო, ვთქვათ, ცრემლსადენი გაზით და წყლით. 

ბევრი კადრებია ამის შესახებ, მამაოები თავად აწვეთებენ თვალში, აწვდიან წყალს, ტაძარში იფარებენ, ეზოში პირდაპირ ჯაჭვად იდგნენ მამები და, რა თქმა უნდა, ამას ითვალისწინებდა მერე სპეცრაზმიც და იქ არ შედიოდნენ და მამების უკან ვინც შედიოდნენ, პროტესტის მონაწილეები, ყველანი დაცულები იყვნენ აბსოლუტურად". - თქვა დეკანოზმა საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში.

კომენტარები