პლენარულ სხდომაზე გამოხატვის თავისუფლების მასშტაბური შეზღუდვის კანონში ცვლილებების განხილვისას ივანიშვილის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა თქვა, რომ II მოსმენისას "ტექნიკური უზუსტობა" დაუშვეს და სინამდვილეში აზრის და მოწოდების თავისუფლების მუხლს კანონიდან არ იღებენ.
ცნობისთვის, მათიკაშვილმა მეორე მოსმენის დროს თქვა, რომ მე-4 მუხლი, რომელიც აზრისა და მოწოდების თავისუფლებას ეხება, "ამოღებულია".
ცნობისთვის, მეოთხე მუხლში ნათქვამია, რომ "აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, მოწოდება დაცულია კვალიფიციური პრივილეგიით. მოწოდება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი ჩაიდენს განზრახ ქმედებას, რაც ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ ან არსებით საფრთხეს".
ქართულ ოცნებას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებები შეაქვს. კანონპროექტით, ცილისწამების განმარტება ზუსტდება, როგორც: არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის გამტეხი განცხადება.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ მოქმედი კანონით კი, ცილისწამება განმარტებულია, როგორც: არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.
კანონი გავრცელდება როგორც პირისპირ, ასევე საჯარო სივრცეში შეურაცხყოფაზეც.
კანონპროექტით, ცილისწამების თაობაზე დავების განხილვისას სასამართლოში მტკიცების ტვირთის გადატანა მოპასუხეზე მოხდება.
გამოხატვის თავისუფლების მასშტაბური შეზღუდვის კანონს ქართული ოცნება 100-დღიან უკუძალას აძლევს, რაც ნიშნავს რომ ის, კანონის ძალაში შესვლამდე 100 დღით ადრე გაკეთებულ განცხადებას შეეხება.
ამის შესახებ მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა. მათიკაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა თეა წულუკიანს, რომელთანაც კონსულტაციის საფუძველზე კანონპროექტში აღნიშნული გარდამავალი დებულება ჩაამატეს.





