ივანიშვილის დეპუტატი, თეა წულუკიანი პ;ენარულ სხდომაზე, სადაც გამოხატვის თავისუფლების მასშტაბური შეზღუდვის კანონპროექტს განიხილავენ, გამოვიდა ინიციატივით, რომ მომავალში ცილისწამება სისხლის სამართლის მატერიალურ კოდექსშიც დაემატოს.
"ჩვენ ალბათ მომავალში კარგი იქნება ვიფიქროთ, რომ სისხლის სამართლის მატერიალურ კოდექსში, თუ ამაზე შევთანხმდებით, რასაკვირველია, ცილისწამება დამამძიმებელ გარემოებად მაინც იქნეს მიჩნეული.
[...]
დღევანდელი სხდომა, ჩემი აზრით, ისტორიული სხდომაა, რადგან ცილისწამებისგან ადამიანი, მინიმუმ, სამოქალაქო წესით უკეთესად იქნება დაცული. სისხლის სამართის მიმართულებით, შემოთავაზებაა, რომ მომავალში ერთად ვიმსჯელოთ" - თქვა წულუკიანმა.
კანონპროექტის წარმდგენმა დავით მათიკაშვილმა წულუკიანს უპასუხა, რომ "სიამოვნებით განიხილავენ თეა წულუკიანთან ერთად".
აღნიშნულ კანონპროექტს, სწორედ წულუკიანთან კონსულტაციის საფუძველზე დაემატა გარდამავალი დებულება, რომელიც კანონს 100-დღიან უკუძალას აძლევს, რაც ნიშნავს რომ ის, კანონის ძალაში შესვლამდე 100 დღით ადრე გაკეთებულ განცხადებებსაც შეეხება.
ქართულ ოცნებას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებები შეაქვს. კანონპროექტით, ცილისწამების განმარტება ზუსტდება, როგორც: არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის გამტეხი განცხადება.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ მოქმედი კანონით კი, ცილისწამება განმარტებულია, როგორც: არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.
კანონი გავრცელდება როგორც პირისპირ, ასევე საჯარო სივრცეში შეურაცხყოფაზეც.
კანონპროექტით, ცილისწამების თაობაზე დავების განხილვისას სასამართლოში მტკიცების ტვირთის გადატანა მოპასუხეზე მოხდება.





