კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ

რეჟიმი გამოხატვის თავისუფლების მასშტაბური შეზღუდვის კანონს 100-დღიან უკუძალას აძლევს

გამოხატვის თავისუფლების მასშტაბური შეზღუდვის კანონს ქართული ოცნება 100-დღიან უკუძალას აძლევს, რაც ნიშნავს რომ ის, კანონის ძალაში შესვლამდე 100 დღით ადრე გაკეთებულ განცხადებას შეეხება. 

ამის შესახებ მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა. მათიკაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა თეა წულუკიანს, რომელთანაც კონსულტაციის საფუძველზე კანონპროექტში აღნიშნული გარდამავალი დებულება ჩაამატეს.

"კონსულტაციით ვიცე-სპიკერთან, თეა წულუკიანთან და სხვა კოლეგებთან და ჩვენ მივიჩნიეთ, რომ კარგი იქნება თუ გარდამავალი დებულებით აღიჭურვება საკანონმდებლო სივრცე, და იმის გათვალისწინებით, რომ კანონი ითვალისწინებს შემდეგ დანაწესს, როდესაც ხდება სახელის გამტეხი ინფორმაციის გავრცელება ან იმ მომენტიდან როდესაც კონკრეტულ პირს შეეძლო გაეგო ეს ყველაფერი, 100 დღის ვადაში აქვს უფლება მიმართოს სარჩელით სასამართლოს ანუ ხანდაზმულობის ვადას წარმოადგენს 100 დღე. შესაბამისად, გარდამავალი დებულებით იქნება გათვალისწინებული, რომ ამ კანონის ამოქმედების შემდგომ, იმ განცხადებებთან მიმართებით, რომელიც კანონის ამოქმედებამდე იყო გაკეთებული, თუმცა ხანდაზმულობის ვადა არ იყო გასული, იმოქმედებს ახალი წესრიგი ამ საკითხების რეგულაციის.

[...] 

მაგალითად, პირობითად, კანონი ამოქმედდა პირველ აგვისტოს და პირველ აგვისტომდე ხომ გვაქვს განცხადების გაკეთებიდან ხანდაზმულობის 100-დღიანი ვადა, პირველ ივლისს გაკეთებული განცხადება, თუ ჩათვლის ადრესატი ცილისწამების, ანუ სახელის გამტეხი ინფორმაციის შემცველად, თუკი სარჩელი აქამდე არ იქნა წარდგენილი სასამართლოში, ამ კანონის წარდგენის შემდეგ სარჩელი უკვე შევა ახალი რეგულაციით. შესაბამისად, მტკიცების ტვირთი იქნება ინფორმაციის გამავრცელებელზე და არა ადრესატზე, ვისკენაც იყო მიმართული თავის დროზე ეს განცხადება ეს განცხადება" - განაცხადა ივანიშვილის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა კანონპროექტის წარდგენისას.

დღეს, 25 ივნისს, ივანიშვილის პარლამენტმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მასშტაბური შეზღუდვა I მოსმენით მიიღო.

ქართულ ოცნებას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებები შეაქვს. კანონპროექტით, ცილისწამების განმარტება ზუსტდება, როგორც: არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის გამტეხი განცხადება.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ მოქმედი კანონით კი, ცილისწამება განმარტებულია, როგორც: არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.

კანონი გავრცელდება როგორც პირისპირ, ასევე საჯარო სივრცეში შეურაცხყოფაზეც.

კანონპროექტით, ცილისწამების თაობაზე დავების განხილვისას სასამართლოში მტკიცების ტვირთის გადატანა მოპასუხეზე მოხდება.

კომენტარები