კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ

ოცნება აზრის და მოწოდების თავისუფლების მუხლს კანონიდან იღებს

ივანიშვილის წარმომადგენელმა, დავით მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებების წარდგენისას თქვა, რომ მე-4 მუხლი, რომელიც აზრისა და მოწოდების თავისუფლებას ეხება, "ამოღებულია".

ცნობისთვის, მეოთხე მუხლში ნათქვამია, რომ "აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, მოწოდება დაცულია კვალიფიციური პრივილეგიით. მოწოდება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი ჩაიდენს განზრახ ქმედებას, რაც ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ ან არსებით საფრთხეს".

პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ თქვა, რომ "როგორც წესი, ცილისწამებასთან დაკავშირებით, გამოიყენებენ გამოთქმას "სავარაუდოდ, მე მაქვს გონივრული ეჭვი და ა.შ.", ჯაფარიძემ კანონპროექტის ინიციატორს ჰკითხა, "რანაირად გამოვიდოდა ეს", მაშინ, როცა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მეოთხე მუხლში აზრის თავისუფლება დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. რაზეც მათიკაშვილმა, უპასუხა, რომ "გასაგები იყო და გაითვალისწინა ინიციატორმაც, რომ ეს დათქმა აღარ არსებობდეს".

მეოთხე მუხლის ამოღებით, კანონიდან ქრება "მყისიერი საფრთხის" დოქტრინის ნაწილი, რომლის მიხედვითაც, გამოხატვა მხოლოდ მაშინ უნდა იყოს დასჯადი, როდესაც აშკარაა ზიანის მიყენების ნათელი და მყისიერი საფრთხე.

სამოქალაქო საზოგადოების ფონდის იურისტი საბა ბრაჭველი აღნიშნული ცვლილების შესახებ წერს, რომ "უკვე ოფიციალურად, თქვენი აზრი აღარ იქნება დაცული. აზრის ხმამაღლა გაჟღერების გამო პასუხისმგებლობა კი დაგეკისრებათ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი კანონით (მათ შორის, ცილისწამების უახლესი ცვლილებებით), რომელიც ივანიშვილს ან მის დამქაშებს მოეპრიანებათ".

"აქამდე, როცა ვამბობდით, რომ რეჟიმს მოქალაქეთა აზრის კონტროლი სურს, ეს შეიძლება გადაჭარბებად მიგეჩნიათ.

ხვალ ოფიციალურად ამოიღებენ ჩანაწერს კანონიდან, რომელიც აზრის თავისუფლებას აბსოლუტური პრივილეგიით იცავს.

დღეს, აზრის გაჟღერება პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ იწვევს, როცა პირი ჩაიდენს განზრახ ქმედებას, რომელიც კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს ქმნის.

ხვალიდან, უკვე ოფიციალურად, თქვენი აზრი აღარ იქნება დაცული. აზრის ხმამაღლა გაჟღერების გამო პასუხისმგებლობა კი დაგეკისრებათ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი კანონით (მათ შორის, ცილისწამების უახლესი ცვლილებებით), რომელიც ივანიშვილს ან მის დამქაშებს მოეპრიანებათ". - წერს ბრაჭველი.


ცნობისთვის, 25 ივნისს, ივანიშვილის პარლამენტმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მასშტაბური შეზღუდვა I მოსმენით მიიღო.

ქართულ ოცნებას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებები შეაქვს. კანონპროექტით, ცილისწამების განმარტება ზუსტდება, როგორც: არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის გამტეხი განცხადება.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ მოქმედი კანონით კი, ცილისწამება განმარტებულია, როგორც: არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.

კანონი გავრცელდება როგორც პირისპირ, ასევე საჯარო სივრცეში შეურაცხყოფაზეც.

კანონპროექტით, ცილისწამების თაობაზე დავების განხილვისას სასამართლოში მტკიცების ტვირთის გადატანა მოპასუხეზე მოხდება.

გამოხატვის თავისუფლების მასშტაბური შეზღუდვის კანონს ქართული ოცნება 100-დღიან უკუძალას აძლევს, რაც ნიშნავს რომ ის, კანონის ძალაში შესვლამდე 100 დღით ადრე გაკეთებულ განცხადებას შეეხება

ამის შესახებ მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა. მათიკაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა თეა წულუკიანს, რომელთანაც კონსულტაციის საფუძველზე კანონპროექტში აღნიშნული გარდამავალი დებულება ჩაამატეს.

კომენტარები