ივანიშვილის პარლამენტმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მასშტაბური შეზღუდვა II მოსმენით მიიღო. მომხრე იყო 84, მოწინააღმდეგე - არცერთი.
პარლამენტში პირველი მოსმენა 25 ივნისს გაიმართა, აღნიშნულ კანონპროექტს ივანიშვილის პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
ქართულ ოცნებას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებები შეაქვს. კანონპროექტით, ცილისწამების განმარტება ზუსტდება, როგორც: არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის გამტეხი განცხადება.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ მოქმედი კანონით კი, ცილისწამება განმარტებულია, როგორც: არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.
კანონი გავრცელდება როგორც პირისპირ, ასევე საჯარო სივრცეში შეურაცხყოფაზეც.
ოცნების კანონპროექტის მიხედვით:
- საჯარო პირმა, რომელიც თვლის, რომ ცილისწამების ადრესატია და ცილისმწამებლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით სარჩელს აღძრავს, სასამართლოს უნდა წარუდგინოს ის განცხადება, რომელსაც იგი ცილისწამებად მიიჩნევს, იმის მითითებით, რა არსებითად მცდარ ფაქტს შეიცავს განცხადება მის შესახებ და შესაბამისი დასაბუთება იმის თაობაზე, თუ რატომ არის ის მოსარჩელისთვის სახელის გამტეხი.
- მოპასუხეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სარჩელის საფუძველზე დაეკისრება ცილისწამებისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა, თუ იგი ვერ დაამტკიცებს, რომ სადავო განცხადება არ შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს მოსარჩელის შესახებ.
- მოპასუხის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა გამოირიცხება, თუ, მიუხედავად იმისა, რომ სადავო განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს მოსარჩელის შესახებ, მოპასუხე დაამტკიცებს განცხადების გავრცელებისადმი საკუთარ კეთილსინდისიერებას. ამ ნორმის მიზნებისთვის, კეთილსინდისიერებად ჩაითვლება იმგვარი ვითარება, როდესაც მოპასუხემ, განცხადების გავრცელებამდე, ყველა აუცილებელი გონივრული ზომა მიიღო ინფორმაციის სისწორის გადამოწმების მიზნით და მისთვის უცნობი იყო ფაქტის მცდარობის შესახებ.
ასევე, კანონპროექტით:
- კერძო პირმა, რომელიც თვლის, რომ ცილისწამების ადრესატია და ცილისმწამებლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით სარჩელს აღძრავს, სასამართლოს უნდა წარუდგინოს ის განცხადება, რომელსაც იგი ცილისწამებად მიიჩნევს, იმის მითითებით, რა არსებითად მცდარ ფაქტს შეიცავს განცხადება მის შესახებ და შესაბამისი დასაბუთება იმის თაობაზე, თუ რატომ არის ის მოსარჩელისთვის სახელის გამტეხი.
- მოპასუხეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სარჩელის საფუძველზე დაეკისრება ცილისწამებისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა, თუ ის ვერ დაამტკიცებს, რომ სადავო განცხადება არ შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს მოსარჩელის შესახებ.
კანონპროექტით, ცილისწამების თაობაზე დავების განხილვისას სასამართლოში მტკიცების ტვირთის გადატანა მოპასუხეზე მოხდება.
"მიზანშეწონილი იქნება, რომ მოპასუხემ, როგორც ცილისწამების ავტორმა, სასამართლოში თვითონ დაამტკიცოს მოსარჩელის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფაქტობრივი ჭეშმარიტება, კერძოდ, მოსარჩელის ნაცვლად მოპასუხეს დაეკისროს სასამართლოში იმის მტკიცების ტვირთი, რომ მისი განცხადება არ შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ.
მოსარჩელე, რომელმაც მიიღო შესაძლო მორალური, რეპუტაციული ზიანი, გათავისუფლდება მოპასუხის მიერ გავრცელებული ფაქტების მცდარობის მტკიცების ტვირთისაგან და ამასთანავე, მოპასუხეს დააკისრებს იმის მტკიცების ტვირთს, რომ მისი განცხადება არ შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ". - წერია კანონპროექტში.
კანონპროექტით, ცილისწამების შესახებ დავისას სასამართლოს მიერ მხარეთა მორიგებისთვის დადგენილი ვადა 1 თვიდან 10 დღემდე მცირდება.
ასევე, კანონპროექტის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ შესწორების ან უარყოფის გამოქვეყნება ცილისწამებით მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ჯეროვანი ანაზღაურებისთვის საკმარისი არაა, მოპასუხეს, მოსარჩელის მოთხოვნით, შეიძლება დაეკისროს მოსარჩელისთვის მიყენებული ქონებრივი ან/და არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც.
უქმდება მუხლი, რომლის მიხედვით, კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლის ცოდნაც აუცილებელია ადამიანისთვის დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განსახორციელებლად.
ასევე, კანონპროექტით, უქმდება მოქმედი კანონის მუხლი, რომელიც ცილისწამებისათვის კვალიფიციურ პრივილეგიას განსაზღვრავს. კერძოდ, კანონიდან ამოდის ჩანაწერი, რომლის თანახმად, პირს ენიჭება კვალიფიციური პრივილეგია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადებისათვის, თუ:
- მან მიიღო გონივრული ზომები ფაქტის სისწორის გადასამოწმებლად, მაგრამ ვერ შესძლო შეცდომის თავიდან აცილება და გაატარა ქმედითი ღონისძიებები ცილისწამებით დაზიანებული პირის რეპუტაციის აღსადგენად;
- ის მიზნად ისახავდა საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს;
- მან განცხადება გააკეთა მოსარჩელის თანხმობით;
- მისი განცხადება წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ მის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებაზე თანაზომიერ პასუხს;
- მისი განცხადება წარმოადგენდა სამართლიან და ზუსტ რეპორტაჟს იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლისკენაც მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება.
- ოცნება აზრის და მოწოდების თავისუფლების მუხლს კანონიდან იღებს
ივანიშვილის წარმომადგენელმა, დავით მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებების წარდგენისას თქვა, რომ მე-4 მუხლი, რომელიც აზრისა და მოწოდების თავისუფლებას ეხება, "ამოღებულია".
ცნობისთვის, მეოთხე მუხლში ნათქვამია, რომ "აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, მოწოდება დაცულია კვალიფიციური პრივილეგიით. მოწოდება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი ჩაიდენს განზრახ ქმედებას, რაც ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ ან არსებით საფრთხეს".
პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ თქვა, რომ "როგორც წესი, ცილისწამებასთან დაკავშირებით, გამოიყენებენ გამოთქმას "სავარაუდოდ, მე მაქვს გონივრული ეჭვი და ა.შ.", ჯაფარიძემ კანონპროექტის ინიციატორს ჰკითხა, "რანაირად გამოვიდოდა ეს", მაშინ, როცა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მეოთხე მუხლში აზრის თავისუფლება დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. რაზეც მათიკაშვილმა, უპასუხა, რომ "გასაგები იყო და გაითვალისწინა ინიციატორმაც, რომ ეს დათქმა აღარ არსებობდეს".
მეოთხე მუხლის ამოღებით, კანონიდან ქრება "მყისიერი საფრთხის" დოქტრინის ნაწილი, რომლის მიხედვითაც, გამოხატვა მხოლოდ მაშინ უნდა იყოს დასჯადი, როდესაც აშკარაა ზიანის მიყენების ნათელი და მყისიერი საფრთხე.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის იურისტი საბა ბრაჭველი აღნიშნული ცვლილების შესახებ წერს, რომ "უკვე ოფიციალურად, თქვენი აზრი აღარ იქნება დაცული. აზრის ხმამაღლა გაჟღერების გამო პასუხისმგებლობა კი დაგეკისრებათ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი კანონით (მათ შორის, ცილისწამების უახლესი ცვლილებებით), რომელიც ივანიშვილს ან მის დამქაშებს მოეპრიანებათ".





