დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

NYT: ირანმა აშშ-ს ავიაბაზაზე იერიშამდე კატარი გააფრთხილა

APFootage/Alamy

გამოცემა New York Times სამ ანონიმურ ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ირანმა კატარში აშშ-ს ავიაბაზაზე თავდასხმამდე კატარი წინასწარ გააფრთხილა . 

NYT-სთან საუბრისას მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ ირანს აშშ-სთვის სიმბოლურად სამაგიეროს გადახდა სურდა, თუმცა ამავდროულად სჭირდებოდა, რომ დეესკალაციის გზა დაეტოვებინა. 

მაღალჩინოსნებმა ახლანდელი სტრატეგია 2020 წლისას შეადარეს, როდესაც ირანმა გენერალი ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ ერაყში ამერიკული ბაზის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტის გაშვებამდე ერაყი გააფრთხილა. 

ცნობისთვის, ირანმა დაადასტურა, რომ კატარში ამერიკული ავიაბაზის, ალ-უდეიდის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. 

საჰაერო იერიშის შემდეგ მალევე ბაჰრეინის სახელმწიფომ თავისი საჰაერო სივრცე დახურა და ფრენები შეაჩერა, რაც კატარმა ასევე გააკეთა თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე. 

გამოცემა Reuters-თან საუბრისას ანონიმურმა ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ თავდასხმის შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ და ალ-უდეიდის გარდა სხვა ამერიკულ ავიაბაზაზე თავდასხმა არ აღრიცხულა. 

თავდასხმის დადასტურებამდე Reuters წერდა, რომ დოჰაში აფეთქებების ხმა ისმოდა, ხოლო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანდა, რომ დოჰას საჰაერო სივრცეში ირანულ რაკეტებს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები იგერიებდა. 

კატარში მდებარე ალ-უდეიდა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს უდიდესი ავიაბაზაა, რომელიც დაახლოებით 10 000 ჯარისკაცს იტევს

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით ადრე აშშ და გაერთიანებული სამეფო კატარში საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, რომ შემდეგ განკარგულებამდე უსაფრთხო ადგილს თავი შეეფარებინათ. 

 22 ივნისის გამთენიისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკამ "ძალიან წარმატებული იერიში" მიიტანა ირანის სამ უმთავრეს ბირთვულ ობიექტზე და დაამატა, რომ თეირანის ბირთვული პროგრამის ყველაზე ღირებული ობიექტი - ფორდო - განადგურებულია.

ოპერაციის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: ირანის ბირთვულ ობიექტებს "შუაღამის ურომ" დაარტყა – რა ვიცით ამ დროისთვის

კომენტარები