დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

მაკრონი ირანის იერიშზე: ეს ქაოსის სპირალი უნდა დასრულდეს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი
Fox News

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ირანის მიერ კატარში აშშ-ს ავიაბაზაზე, ალ-უდეიდაზე თავდასხმას გამოეხმაურა და დაწერა, რომ "ქაოსის სპირალი უნდა დასრულდეს".

ამის შესახებ მაკრონმა X-ზე დაწერა.

"გამოვხატავ საფრანგეთის სოლიდარობას კატართან, რომელსაც ირანმა მის მიწაზე დაარტყა. 

ქვეყნის ხელისუფლებასთან და რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან ახლო კონტაქტში ვარ. 

ყველა მხარეს მაქსიმალური თავშეკავების გამოჩენისკენ, დეესკალაციისაკენ და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოვუწოდებ. ეს ქაოსის სპირალი უნდა დასრულდეს". - წერს მაკრონი.

მანამდე, ირანმა დაადასტურა, რომ კატარში ამერიკული ავიაბაზის, ალ-უდეიდის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. 

საჰაერო იერიშის შემდეგ მალევე ბაჰრეინის სახელმწიფომ თავისი საჰაერო სივრცე დახურა და ფრენები შეაჩერა, რაც კატარმა ასევე გააკეთა თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე. 

გამოცემა Reuters-თან საუბრისას ანონიმურმა ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ თავდასხმის შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ და ალ-უდეიდის გარდა სხვა ამერიკულ ავიაბაზაზე თავდასხმა არ აღრიცხულა. 

თავდასხმის დადასტურებამდე Reuters წერდა, რომ დოჰაში აფეთქებების ხმა ისმოდა, ხოლო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანდა, რომ დოჰას საჰაერო სივრცეში ირანულ რაკეტებს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები იგერიებდა. 

კატარში მდებარე ალ-უდეიდა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს უდიდესი ავიაბაზაა, რომელიც დაახლოებით 10 000 ჯარისკაცს იტევს

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით ადრე აშშ და გაერთიანებული სამეფო კატარში საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, რომ შემდეგ განკარგულებამდე უსაფრთხო ადგილს თავი შეეფარებინათ. 

 22 ივნისის გამთენიისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკამ "ძალიან წარმატებული იერიში" მიიტანა ირანის სამ უმთავრეს ბირთვულ ობიექტზე და დაამატა, რომ თეირანის ბირთვული პროგრამის ყველაზე ღირებული ობიექტი - ფორდო - განადგურებულია.

ოპერაციის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: ირანის ბირთვულ ობიექტებს "შუაღამის ურომ" დაარტყა – რა ვიცით ამ დროისთვის

კომენტარები