კატარის თავდაცვის სამინისტრო აშშ-ს ავიაბაზაზე, ალ-უდეიდაზე მიტანილ იერიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ კატარის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა ირანული ბალისტიკური რაკეტები წარმატებით ჩამოაგდეს.
სამინისტროს ცნობით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია და არავინ დაშავებულა.
ამის შესახებ განცხადებას სამინისტრო X-ზე ავრცელებს.
"სამინისტრო იმეორებს, რომ კატარის სახელმწიფოს საჰაერო სივრცე და ტერიტორია უსაფრთხოდაა და კატარის შეიარაღებული ძალები ყოველთვის მზადაა, რომ ნებისმიერ საფრთხეს გაუმკლავდეს. თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებსა და მცხოვრებებს ურჩევს, რომ უახლეს მოვლენებზე ინფორმაცია და რჩევები ოფიციალური წყაროებისგან მიიღოს". - წერს კატარის თავდაცვის სამინისტრო
მანამდე, ირანმა დაადასტურა, რომ კატარში ამერიკული ავიაბაზის, ალ-უდეიდის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.
საჰაერო იერიშის შემდეგ მალევე ბაჰრეინის სახელმწიფომ თავისი საჰაერო სივრცე დახურა და ფრენები შეაჩერა, რაც კატარმა ასევე გააკეთა თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე.
გამოცემა Reuters-თან საუბრისას ანონიმურმა ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ თავდასხმის შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ და ალ-უდეიდის გარდა სხვა ამერიკულ ავიაბაზაზე თავდასხმა არ აღრიცხულა.
თავდასხმის დადასტურებამდე Reuters წერდა, რომ დოჰაში აფეთქებების ხმა ისმოდა, ხოლო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანდა, რომ დოჰას საჰაერო სივრცეში ირანულ რაკეტებს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები იგერიებდა.
კატარში მდებარე ალ-უდეიდა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს უდიდესი ავიაბაზაა, რომელიც დაახლოებით 10 000 ჯარისკაცს იტევს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით ადრე აშშ და გაერთიანებული სამეფო კატარში საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, რომ შემდეგ განკარგულებამდე უსაფრთხო ადგილს თავი შეეფარებინათ.
22 ივნისის გამთენიისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკამ "ძალიან წარმატებული იერიში" მიიტანა ირანის სამ უმთავრეს ბირთვულ ობიექტზე და დაამატა, რომ თეირანის ბირთვული პროგრამის ყველაზე ღირებული ობიექტი - ფორდო - განადგურებულია.
ოპერაციის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: ირანის ბირთვულ ობიექტებს "შუაღამის ურომ" დაარტყა – რა ვიცით ამ დროისთვის





