ირან-ისრაელის კონფლიქტი

Axios: ისრაელმა ტრამპის თხოვნით აშშ-ს ბომბდამშენებისთვის ირანის თავდაცვის სისტემები გაანადგურა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ
REUTERS/Ronen Zvulun

გამოცემა Axios ამერიკელ და ისრაელელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა ტრამპის ადმინისტრაციის თხოვნით აშშ-ს იერიშამდე სამხრეთ ირანში რამდენიმე საჰაერო თავდაცვის სისტემა გაანადგურეს, რათა ამერიკული ბომბდამშენებისთვის საფრთხე შეემცირებინათ. 

გამოცემის თანახმად, ტრამპმა ნეთანიაჰუს იერიშების მიტანა გასულ კვირას სთხოვა. ანონიმური ისრაელელი მაღალჩინოსნების თქმით, ნეთანიაჰუმ ტრამპს ჰკითხა, თუ რითი დახმარებოდა ისრაელი აშშ-ს, ხოლო ტრამპმა უთხრა, რომ სურდა, ისრაელს სამხრეთ ირანში რაც შეიძლება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა გაენადგურებინა. 

როგორც Axios-თან საუბრისას ისრაელელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, მოგვიანებით, აშშ-მ ისრაელს გასანადგურებელი საჰაერო თავდაცვის სისტემების სია გადასცა

Axios წერს, რომ 19 ივნისს ნეთანიაჰუსა და ისრაელის თავდაცვის მინისტრს, ისრაელ კაცს აშშ-ს ვიცე პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან და თავდაცვის მინისტრთან, პიტ ჰეგსეთთან საკოორდინაციო სატელეფონო საუბარი ჰქონდათ. 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ისრაელის იერიშები სამხრეთ ირანში იყო კონცენტრირებული და მიზნად ისახავდა, რომ ფორდოსკენ მიმავალი B-2-ის ტიპის ბომბდამშენებისთვის საფრთხე შეემცირებინა. 

“აშშ-ს ოპერაციამდე 48 საათით ადრე IDF-მა ტერიტორიაზე რამდენიმე იერიში მიიტანა, რათა ირანის თავდაცვა შეემცირებინა”. - თქვა წყარომ გამოცემასთან საუბრისას. 

გარდა ამისა, ისრაელელმა მაღალჩინოსანმა გამოცემას უთხრა, რომ აშშ-სგან ოპერაციის ჩატარება დაჟინებით არ მოუთხოვიათ, თუმცა “ხამენეი იდიოტივით მოიქცა და აშშ-სგან ყველა შეთავაზება უარყო”. 

“აშშ-ს არ მივაწექით, რომ ომში ჩართულიყო. ვფრთხილობდით, რათა არ შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ აშშ-ს ომში ვითრევთ”. - თქვა ისრაელელმა მაღალჩინოსანმა Axios-ის თანახმად. 

გამომის წყაროების მიხედვით, ტრამპმა იერიშის შემდეგ ნეთანიაჰუსთან საუბრისას თქვა, რომ ირანის ბირთვული ობიექტების განადგურების შემდგომ მის ამოცანას თეირანთან შეთანხმების მიღწევა და მშვიდობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. 

“პრეზიდენტს ირანზე იერიშების გაგრძელება არ სურს. მზად არის, რომ ეს გააკეთოს, თუკი ირანელები აშშ-ს ძალებს სამაგიეროს გადაუხდიან, მაგრამ მან ნეთანიაჰუს უთხრა, რომ მშვიდობა სურს”. - თქვა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Axios-თან საუბრისას. 

ისრაელელმა მაღალჩინოსანმა გამოცემას დაუდასტურა, რომ აშშ-ს თავისი იერიშების გაგრძელება აღარ სურს, თუმცა აღნიშნა, რომ ირანის პასუხმა “ყველაფერი შეიძლება შეცვალოს”. მისივე თქმით, აშშ წინააღმდეგი არ არის, რომ ისრაელმა იერიშები გააგრძელოს. 

“ამერიკელებმა ძალიან ცხადად გადმოგვცეს, რომ ამ რაუნდის დასრულება სურთ. არ არიან წინააღმდეგები, თუკი ჩვენს იერიშებს გავაგრძელებთ, მაგრამ როდესაც საქმე მათ ეხებათ, მათ დაასრულეს”. - თქვა ისრაელელმა მაღალჩინოსანმა Axios-თან

22 ივნისის გამთენიისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკამ "ძალიან წარმატებული იერიში" მიიტანა ირანის სამ უმთავრეს ბირთვულ ობიექტზე და დაამატა, რომ თეირანის ბირთვული პროგრამის ყველაზე ღირებული ობიექტი - ფორდო - განადგურებულია.

ოპერაციის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: ირანის ბირთვულ ობიექტებს "შუაღამის ურომ" დაარტყა – რა ვიცით ამ დროისთვის

კომენტარები