ირან-ისრაელის კონფლიქტი

ბოჭორიშვილის მოადგილემ ირანს სოლიდარობა გამოუცხადა და მიუსამძიმრა – ირანის საელჩო

ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი
ირანის საელჩო

თბილისში ირანის საელჩოს განცხადების მიხედვით, ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ირანს სოლიდარობა გამოუცხადა და პატივი მიაგო ირანში "ისრაელის რეჟიმის მიერ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპულ მოწამეთა ხსოვნას".

საელჩოს ცნობით, ღონისძიებას ხვთისიაშვილი გარდა ასევე თურქმენეთის, ყაზახეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის ელჩები, ერაყის საქმეთა რწმუნებული, ჩინეთის სამხედრო ატაშე და ასევე რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები, მათ შორის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეც ესწრებოდნენ. 

საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სურათზე ჩანს ღონისძიებაზე გამოფენილი დაღუპული ირანელი გენერლებისა და ბირთვული მეცნიერების სურათებიც, რომლებიც ისრაელის იერიშებს ემსხვერპლნენ. მათ სურათებს თან ახლავს წარწერა, "მედგრობის გმირები". 

"2024 წლის 30 ივნისს და 1 ივლისს, ორშაბათსა და სამშაბათს, თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში გაიმართა ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა ირანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ისრაელის რეჟიმის მიერ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპულ მოწამეთა ხსოვნას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, აგრეთვე თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები – მათ შორის თურქმენეთისა და ყაზახეთის ელჩები, ერაყის საქმეთა რწმუნებული, ჩინეთის სამხედრო ატაშე, ასევე რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე, ირანული დიასპორის წევრები და ქართველი ირანისტები.

მათ საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში გააკეთეს ჩანაწერები, გამოთქვეს თავიანთი სამძიმარი და სოლიდარობა ირანის მიმართ.

დიდ მადლიერებას ვუცხადებთ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს ამ რთულ პერიოდში გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანაგრძნობისთვის." - წერია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები