ირან-ისრაელის კონფლიქტი

პესკოვი: ირანში რეჟიმის შეცვლა მიუღებელია, ხამენეის მკვლელობა კი პანდორას ყუთს გახსნის

კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი
Ria

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ირანში რეჟიმის შეცვლა მიუღებელია, ქვეყნის სულიერი ლიდერის მკვლელობა კი პანდორას ყუთს გახსნის. ამის შესახებ პესკოვი Sky News-ს ესაუბრა.

კითხვაზე, როგორი იქნებოდა რუსეთის რეაქცია, თუ ისრაელი, აშშ-ს დახმარებით, ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის მოკლავდა, პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი ამას "კატეგორიულად დაგმობს".

"ძალიან ნეგატიური. ჩვენ ამას კატეგორიულად დავგმობთ. ეს გამოიწვევს ქმედებებს ირანის შიგნიდან, ასევე, ექსტრემისტული განწყობების გაჩენას ირანში და მათ, ვინც ხამენეის მკვლელობაზე საუბრობს, ეს უნდა გაითვალისწინონ". - თქვა პესკოვმა.

ამასთან, კრემლის პრესმდივნის თქმით, "ირანში რეჟიმის შეცვლა წარმოუდგენელია".

"ეს მიუღებელი უნდა იყოს, ამაზე საუბარიც კი ყველასთვის მიუღებელი უნდა იყოს". - დაამატა პესკოვმა.

ცნობისთვის, 2025 წლის 17 იანვარს ირანმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც საერთო საფრთხეებთან გამკლავებაზე პუნქტებს მოიცავს, თუმცა შეთანხმება არ გულისხმობს ქვეყნებს შორის სამხედრო ალიანსის შექმნას. 

კომენტარები