ირან-ისრაელის კონფლიქტი

არაღჩის თქმით, ირანის ბირთვული ობიექტები სერიოზულად დაზიანდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი
REUTERS/Heinz-Peter Bader

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის თქმით, აშშ-ს მიერ ბირთვულ ობიექტებზე მიტანილი იერიშების შედეგად მათ "მნიშვნელოვანი და სერიოზული ზიანი მიადგათ".

სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბარში არაღჩიმ აღნიშნა, რომ ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაცია კვლავ აზუსტებს ზიანისა და დანაკარგების მოცულობას.

"უნდა ვთქვა, რომ დანაკარგები მცირე არ არის და ჩვენი ობიექტები სერიოზულად დაზიანდა". - თქვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

არაღჩიმ ასევე განაცხადა, რომ ირანმა შესაძლოა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA) თანამშრომლობა შეწყვიტოს. მან ასევე ეჭვქვეშ დააყენა, შეუშვებენ თუ არა ქვეყანაში სააგენტოს დირექტორს, რაფაელ გროსს.

მანამდე ირანის პარლამენტმა სააგენტოსთან თანამშრომლობის გაწყვეტას დაუჭირა მხარი. თეირანის პოზიციით, სააგენტოს შემუშავებულმა ანგარიშმა, რომლის მიხედვითაც ირანი არღვევს ბირთვული გაუვრცელებლობის ვალდებულებს, ისრაელს კონფლიქტის დაწყებისკენ უბიძგა.

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის განცხადებით, სანდო სადაზვერვო ინფორმაცია აჩვენებს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა აშშ-ს იერიშების შედეგად "მძიმედ დაზიანდა", ხოლო რამდენიმე საკვანძო ბირთვული ობიექტი "განადგურებულია". 

წინასწარ ჩაწერილ ვიდეომიმართვაში ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულმა თავდასხმებით აშშ-მ "ვერაფერს მიაღწია".

კომენტარები