საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის სენატის საგარეო საქმეთა და ევროპულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
ზურაბიშვილმა თქვა, რომ ქართული ოცნების ყველა ქმედება და გადაწყვეტილება ევროპულ გზას ეწინააღმდეგება.
"ქვეყნის დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული, ყველა საზოგადოებრივ გამოკითხვაში, საქართველოს მოსახლეობის 80% აცხადებს, რომ სურს ევროპული მისწრაფების დაკმაყოფილება და რჩება ამ მისწრაფების ერთგული. ამიტომაც, სულ უფრო იშვიათად, მაგრამ მაინც ვხედავთ, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება ქართული ოცნება (ან როგორც მას სხვაგვარად უწოდებენ) - "რუსული კოშმარი" ისევ აჟღერებს, რომ თითქოს ევროპაში შესვლას აპირებს. ხან გამოიტანენ ევროკავშირის დროშას, ხან ისევ ხსნიან. მმართველი ძალის ყველა ქმედება და გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროპულ რეკომენდაციებსა და ევროპულ გზას, იქნება ეს რიტორიკა თუ მიღებული კანონები, ყველაფერი შესაბამისობაშია იმასთან, რაც თავის დროზე რუსეთში გაკეთდა სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპოზიციის გასანადგურებლად". - ამბობს ზურაბიშვილი.
ზურაბიშვილი სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტების გამო მოქალაქეების დაჯარიმების საკითხსაც შეეხო. ის ამბობს, რომ ამის მიზანი ხალხში შიშის გაჩენაა.
"ბოლოდროინდელი კანონები სოციალურ ქსელებს ეხება. თუ თქვენს პოსტებში აკრიტიკებთ მმართველი პარტიის ან პარლამენტის წევრებს, ეს კანონის მიხედვით შესაძლოა, შეურაცხყოფად ჩაითვალოს. ამის გამო, შესაძლებელია დაჯარიმება ან პროკურატურაში დაბარება, რაც უკვე მოხდა - 17 ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, აქტივისტები უკვე დაბარებულები არიან. ამის მიზანი საზოგადოებაში შიშის გაჩენაა, რომ ვითომ „სერიოზულად“ იღებენ ამ ყველაფერს. მათ სთხოვენ განმარტონ თავიანთი გამონათქვამები, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს რეალურად სრული ცენზურა, მით უმეტეს მაშინ, როცა არ არსებობს სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრდეს ჯარიმა და ადმინისტრაციული პატიმრობა, რაც ასეთ შემთხვევებს მოსდევს. ეს პოსტები პირდაპირ ისჯება". - თქვა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილმა გამოსვლისას ასევე თქვა, რომ საქართველოში პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლების სივრცე იმაზე უფრო სწრაფად იზღუდება, ვიდრე ეს თავის დროზე რუსეთში მოხდა.
"სხვადასხვა გზით, პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლების სივრცე სწრაფად იზღუდება, ვიტყოდი, უფრო სწრაფად, ვიდრე ეს მოხდა რუსეთში, სადაც პროცესები ბევრად უფრო ნელა და ეტაპობრივად ვითარდებოდა.
ეს ავტორიტარული გადახრა, დემოკრატიული უკუსვლა უკვე ის ეტაპია, როცა პრაქტიკულად აღარაფერია დარჩენილი იმ რეკომენდაციებიდან, რაც ადრე არსებობდა. მართლმსაჯულება აღარ არსებობს. ბოლო პერიოდში გამართულ არცერთ სასამართლოს არ გადაუხვევია პროკურატურის მოთხოვნისგან. პროკურორის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, მიღებულია და წინასწარ განსაზღვრავს განაჩენს. ანუ წინასწარ ვიცით, როგორი იქნება განაჩენი". - ამბობს ზურაბიშვილი.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ დღეს საქართველოში რუსული ჰიბრიდული სტრატეგია იტესტება.
"რაც დღეს საქართველოში ხდება, არის სხვა, ალტერნატიული სტრატეგიის გატესტვა. ეს არის რუსული ჰიბრიდული სტრატეგია, რომელიც მოიცავს: საარჩევნო მანიპულაციას, პროპაგანდას, მარიონეტული რეჟიმების გამოყენებას, რომლებიც პირდაპირ ემსახურებიან რუსეთის ინტერესებს და გამოირჩევიან რუსეთის მიმართ უკიდურესი მორჩილებით.
რუსეთის მიმართ პრაქტიკულად არცერთი კრიტიკული სიტყვა არ ისმის. გითხარით იმ მკაცრ კრიტიკაზეც, რომელიც ჩვენი პარტნიორების მისამართით ისმის, იმ პარტნიორების მიმართ, რომლებმაც 30 წლის განმავლობაში სახელმწიფოს შექმნასა და გაძლიერებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. ამ პარტნიორებს აკრიტიკებენ ახლა, მაშინ როცა რუსეთის მიმართ, რომელიც ოკუპანტია და საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს მიტაცებული, არცერთი გამაღიზიანებელი სიტყვა არ ისმის. პრაქტიკულად სიჩუმე, ან ქება-დიდებაა". - ამბობს მე-5 პრეზიდენტი.
ზურაბიშვილის თქმით, დღეს ვითარება განსაკუთრებით სამი მხრიდან არის საგანგაშო.
"ვითარება ერთდროულად საგანგაშოა:
- დემოკრატიის თვალსაზრისით
- საქართველოს შიდა პოლიტიკისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის კუთხით, რომელიც, პრაქტიკულად, იკარგება რუსეთის სასარგებლოდ
- საქართველოს გეოპოლიტიკური მომავლის კუთხით, ევროპასა და რუსეთს შორის, ჩინეთთან მზარდი კავშირებით. ამას რომელსაც, როგორც ჩანს, ვერავინ აჩერებს“. - თქვა ზურაბიშვილმა.





