აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, კაია კალასთან ირან-ისრაელის კონფლიქტთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ტემი ბრიუსის ცნობით, მხარეებმა საუბრისას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნების მხრივ მზაობა დაადასტურეს.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რუბიო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროსაც ესაუბრა. სახდეპის განცხადების მიხედვით, ისინი შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას, რათა ხელი შეუწყონ დიპლომატიურ გზას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ირანმა ბირთვული იარაღი ვერასდროს შექმნას.
Fox News-ის ცნობით, დონალდ ტრამპმა და მარკო რუბიომ “დიდი შვიდეულის” სამიტი ერთი დღით ადრე დატოვეს.
“უკან უნდა დავბრუნდე რაც შემიძლია, მალე. უკან ცხადი მიზეზების გამო უნდა დავბრუნდე”.- განაცხადა ტრამპმა რეპორტიორებთან საუბრისას სამიტის დატოვებამდე.
თეთრმა სახლმა ტრამპისა და რუბიოს სამიტის დროზე ადრე დატოვება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებით ახსნა. პრეზიდენტი აშშ-ში ბრუნდება “იმის გამო, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება”.
“ვფიქრობ, რომ ირანი პრაქტიკულად მოლაპარაკებების მაგიდასთანაა, სადაც მათ შეთანხმების მიღწევა სურთ და როგორც კი აქედან წავალ, ჩვენ რაღაცის გაკეთებას შევუდგებით”.- თქვა ტრამპმა რეპორტიორებთან.





