ირანული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Fars-ის ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ აშშ ისრაელის სამხედრო ოპერაციაში პირდაპირ როლს თამაშობს.
"[ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარგზავნილმა] უიტკოფმა უთხრა [ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ] არაღჩის უთხრა, რომ ისრაელი მათი ნებართვის გარეშე ვერაფერს გააკეთებს. ეს ნიშნავს, რომ ისრაელის ქმედებები აშშ-სთან პირდაპირი შეთანხმებებით ხდება". - აღნიშნა ფეზეშქიანმა.
მისი თქმით, ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი იერიშები "ვაშინგტონის პირდაპირი მხარდაჭერით მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მედიის საშუალებით თავიანთი როლის დამალვას ცდილობენ".
ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ირანს არასდროს სურდა ომი, თუმცა თუ მტრულ ქმედებები გაგრძელდება, ირანი "გადამწყვეტ და მკაცრ" პასუხს გასცემს.
ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დახურულ საუბრებში კრიტიკა არ გამოუთქვამს.
13 ივნისს ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რომელთა ფარგლებშიც ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა.
მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 150 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, რამდენიმე ირანული რაკეტა თელ-ავივის ცენტრში ჩამოვარდა.
შემდგომ, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები ხელახლა გაუშვა, ხოლო მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ირანის დედაქალაქში, თეირანში ისრაელის იერიშების მოსაგერიებლად საჰაერო თავდაცვის სისტემები იყო გააქტიურებული და აფეთქებების ხმა ისმოდა.





