დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

IDF: ირანის დაბომბვა 40 საათია, უწყვეტად მიმდინარეობს

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი ეფი დეფრინი

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) პრესსპიკერის, გენერალ ეფი დეფრინის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ისრაელის საჰაერო ძალების დარტყმების მთავარი სუბიექტი თეირანი იყო. 

"ამ დროისთვის, საჰაერო ძალების პილოტები დარტყმებს აგრძელებენ და მნიშნველოვანი იერიშები მიაქვთ ირანის სხვადასხვა რეგიონზე. დაბომბვების სერია, 150-ზე მეტი სამიზნის წინააღმდეგ, 40 საათია, უწყვეტად მიმდინარეობს". - თქვა დეფრინმა პრესკონფერენციაზე. 

IDF-ის პრესსპიკერის თქმით, თეირანიდან "მკვლელი ტერორის რეჟიმი იმართება, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს სრულიად დასავლური სამყაროსთვის". 

"თეირანი იმუნური აღარ არის". 

პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ირანის თავდაცვის სისტემებზე გუშინდელი ღამის იერიშების შედეგად, "ისრაელის ასობით ავიაგამანადგურებელი და საბრძოლო თვითმფრინავი ამჟამად დასავლეთ ირანისა და თეირანის თავზე საჰაერო უპირატესობას ფლობენ". 

"საბრძოლო თვითმფრინავები იერიშების ტალღას მიაქვთ სტრატეგიულ სამხედრო ინდუსტრიულ სამიზნეებზე, ბირთვული პროგრამის ობიექტებსა და ირანული ტერორის ხელმძღვანელობის მაღალჩინოსნებზე". - დაამატა დეფრინმა. 

ცნობისთვის, ისრაელმა 13 ივნისის გამთენიისას ირანის წინააღმდეგ, ბირთვული და ბალისტიკური საფრთხეების გასანეიტრალებლად, მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, კოდური სახელით "აღმავალი ლომი" წამოიწყო. ოპერაციაში 200-ზე მეტი ავიაგამანადგურებელი მონაწილეობდა, რომლებმაც დაახლოებით 330 ბომბით 100 სამხედრო სამიზნეზე ხუთ ეტაპად მიიტანეს იერიშები. ისრაელმა დაარტყა ირანის ბირთვული პროგრამის ისეთ საკვანძო ობიექტებს, როგორებიცაა ნათანზის, ისპაანისა და ფორდოს ბირთვული კომპლექსები.

იერიშების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანებულია ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაც. ირანელი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, თეირანის გარშემო დაბომბილია, სულ მცირე, 6 სამხედრო ბაზა. 

"აღმავალი ლომის" სამიზნეები გახდნენ ირანის სამხედრო გენერლები, მეთაურები თუ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მაღალჩინოსნები. ოპერაციის შედეგად განეიტრალებულთა შორის არიან IRGC-ს მეთაური ჰოსეინ სალამი და საჰაერო-კოსმოსური ძალების ხელმძღვანელი ამირ ალი ჰაჯიზადე. მოკლულია რამდენიმე მეცნიერიც, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდა. 

ირანმა საპასუხო იერიშის ფარგლებში ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა და დრონი გაუშვა, რასაც ისრაელში მსხვერპლი მოჰყვა. 

კომენტარები