თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადაუხდელობის საქმეს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე განიხილავს - პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
ნიკა მელიამ სასამართლო პროცესზე, 29 მაისს მისი დაკავების დეტალები გაიხსენა. მისი განმარტებით, ის ძალის გამოყენებით ჩასვეს პოლიციის ფურგონში, რომელშიც 11 პირი იყო. წაართვეს ტელეფონი, ძალის გამოყენებით ცდილობდნენ მისი ტელეფონს კოდის გახსნას, ასევე დაამტვრიეს მანქანაზე არსებული ვიდეოკამერები.
"დაახლოებით საღამოს 9 საათზე, 2 მანქანით გადავადგილდებოდი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადაცემაში "ორ ცეცხლს შუა" მონაწილეობის მისაღებად მივდიოდი. სულ რაღაც 2 კმ იყო დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც მოხდა ჩემი გატაცება და არანაირი დაკავება. მოულოდნელად მანქანა გააჩერა ე.წ. საპატრულო პოლიციამ, პატრულის ფორმაში გამოწყობილმა ძალიან ნერვულ მდგომარეობაში მყოფმა პირმა. მძღოლს სთხოვა მართვის მოწმობა და ცხადი იყო მისი გამომეტყველებითაც, რომ ყველაფერი აინტერესებდა გარდა მართვის მოწმობისა, ამ პროცესში, როდესაც მართვის მოწმობა ჯერ კიდევ მძღოლს გადაცემულიც კი არ ჰქონდა, მის ე.წ. რაციაში კითხვა გაისმა, რაც გავიგეთ მეც და მძღოლმაც. როგორც ჩანს მისმა ხელმძღვანელმა ჰკითხა, ობიექტი თუ იჯდა მანქანაში. გასაგები იყო რაც ხდებოდა.
11 ადამიანი იყო სამარშრუტო ფურგონში, სადაც მე ძალის გამოყენებით მომათავსეს, რბილად რომ ვთქვათ. არანაირი ნიშანი, რომ ისინი იყვნენ პოლიციელები არ იყო. მოხდა გატაცება, ძალიან აგრესიული ძალის გამოყენებით მანქანაში ჩატენა, ამის შემდეგ ძალის გამოყენებით მობილური ტელეფონის წართმევა, მერე ერთ-ერთის დაუოკებელი სურვილი, რომ იქნებ, რამენაირად გაეხსნა კოდი ჩემს ტელეფონზე და რამდენჯერმე მცდელობა ჰქონდა, რომ ჩემს სახესთან მოეტანა. ეს იყო რაღაცნაირი სამარშრუტო ფურგონი, საიდანაც არაფერი არ ჩანდა შიგნიდან გარეთ.
[...]
ფორმალურად, გუშინ ღამის 00:00 საათამდე მქონდა მე გირაოს გადახდის ვადა, 9 საათზე გამიტაცეს ის ადამიანი, რომელიც ახალ თქვენ გელაპარაკებათ და კითხვა არ გიჩნდებათ რა მოხდა? ამის ნაცვლად უნდა დამისვათ კითხვა რატომ და რისთვის არ ვიხდი მე იმ უსამართლო გირაოს, ეს გაინტერესებთ, რაზეც პასუხი გაქვთ და ის არ გაინტერესებთ აქ როგორ აღმოვჩნდი. ვინ გამიტაცა.
არათუ არ იღებდნენ გატაცების მომენტს, არამედ ორივე ავტომობილში, ერთში, რომელშიც მე ვიყავი და მეორე თანმხლებ ავტომობილში იყო 2-2 ვიდეოჩამწერი დამონტაჟებული, ოთხივე არის გატეხილი, დაამტვრიეს, იმიტომ, რომ არ გენახათ თქვენ, ისეც არ იმოქმედებდა თქვენზე დარწმუნებული ვარ, მაგრამ მაინც.
ეს არის რეალობა რაც მოხდა და თქვენ ახლა უნდა იმსჯელოთ დაადგინოთ ვინ არის მტყანი და მართალი. განა ის მე ახლა რაც ვთქვი, ეჭვი გეპარებათ? თქვენ რა სიმართლე უნდა დაადგინოთ, ჩემო კარგო, ნუ გწყინთ, რომ ვერც მოსამართლეს გიწოდებთ თქვენ და ვერც ბატონოს დაგიძახებთ, კითხვა არ გიჩნდებათ, რა მოხდა, როგორ აღმოვჩნდი აქ". - მიმართა ნიკა მელიამ მოსამართლეს.
ამის შემდეგ მელიას მოსამართლე შვანგირძემ ჰკითხა, აპირებდა თუ არა ის შეფარდებული გირაოს გადახდას - "გირაოს გადახდა არ გადახდასთან დაკავშირებით კითხვებს, რომ სვამ, მე რაც ახლა მოვყევი ეს არ არის თქვენთვის საინტერესო? - მიმართა შვანგირაძეს მელიამ.
"ამ ე.წ. მარშუტკაში მოთავსების შემდეგ მობილური ტელეფონი არ გამოურთიათ იქ მყოფ რამდენიმე ადამიანს, მოკლე ვიდეოებს იღებდნენ და სიამაყით უგზავნიდნენ თავიანთ ხელმძღვანელებს. უშუალოდ დაკავების ეს პერიპეტიები, რომელიც დიდხანს არ გაგრძელდა ჩვენ გვქონდა აღბეჭდილი და ეს წაშალეს გაანადგურეს" - განაცხადა მელიამ.
რაზედაც შგვანგირაძემ განაცხადა, რომ ის მის ადმინისტრაციულად დაკავების საქმეს არ განიხილავს.
მოგვიანებით მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა - "თქვენ ხართ თანამონაწილე, დანაშაულებრივი ჯაჭვის ერთი რგოლი ხართ, რომელსაც კითხვაც კი არ უჩნდება აქ როგორ აღმოვჩნდი, ვინ გამიტაცა და რატომ გამიტაცა" - განაცხადა მელიამ.
აღნიშნულის შემდეგ შვანგირაძემ მელია გააძევა.
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია 29 მაისის საღამოს, ლისის ტბის ასახვევთან დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, მელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის შეურაცხყოფას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადახდის ვადა 30 მაისის 00:00 საათამდე ჰქონდა.





