ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ, დონალდ ტრამპი უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ფინეთის ლიდერებს, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტს ელაპარაკა და პუტინთან დიალოგის დეტალები გააცნო.
გერმანიის კანცლერის ოფისმა, ტრამპთან საუბრის შესახებ მთავრობის საიტზე განცხადება გამოაქვეყნა.
"აშშ-ს პრეზიდენტი და ევროპელი პარტნიორები შეთანხმდნენ შემდეგ ნაბიჯებზე. ისინი შეთანხმდნენ, რომ ერთად უხელმძღვანელებენ მოლაპარაკების პროცესს, ამისთვის ისინი ერთობლივ შეხვედრას გეგმავენ. ყველა მხარემ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი უკრაინას, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის გზას ადგას. საუბრის ევროპელმა მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ რუსულ მხარეზე ზეწოლას სანქციების მეშვეობით გააგრძელებენ". – წერია განცხადებაში.
19 მაისს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ორსაათიანი საუბრის დასრულების შემდეგ ორივე ლიდერმა განცხადებები გააკეთა.
პუტინმა მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, რომ როგორც რუსული, ისე უკრაინული მხარე მშვიდობის მიღწევის მიზნით, გარკვეულ კომპრომისებზე უნდა წავიდეს.
ტრამპმა სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
"ახლახან დასრულდა ჩემი ორსაათიანი საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ვთვლი, რომ საუბარმა კარგად ჩაიარა. რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს, როგორც ცეცხლის შეწყვეტაზე და რაც უფრო მნიშვნელოვანია ომის შეწყვეტაზე".
აშშ-ს პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრის დეტალები გააცნო უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ფინეთის ლიდერებსა და ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს.
დეტალების გაცნობის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიფინგი მოიწვია.
"საკუთარი ტერიტორიებიდან ჩვენ ჯარს არავინ გამოიყვანს, ეს არის ჩემი, ჩვენი სამხედროების კონსტიტუციური ვალი... არანაირი ულტიმატუმები, არავინ დათმობს საკუთარ მიწას, საკუთარ ხალხს, საკუთარ სახლებს. არ ვიცი რა პრინციპებს ეყრდნობა მემორანდუმი, მაგრამ თუ რუსეთი ჩვენი ტერიტორიებიდან უკრაინული ჯარის გაყვანას ითხოვს, მაშინ მას არ სურს ომის დასრულება. იმიტომ, რომ მკაფიოდ ხვდებიან, რომ უკრაინა ამას არ იზამს". – თქვა ზელენსკიმ.