19 მაისს დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. დიალოგი 2 საათსა და 5 წუთს გაგრძელდა.
საუბრის დასრულების შემდეგ აშშ-პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში პოსტ გამოაქვეყნა.
"ახლახან დასრულდა ჩემი ორსაათიანი საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ვთვლი, რომ საუბარმა კარგად ჩაიარა. რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს, როგორც ცეცხლის შეწყვეტაზე და რაც უფრო მნიშვნელოვანია ომის შეწყვეტაზე". – წერს სოციალურ ქსელში ტრამპი.
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, მხარეები შესაბამის პირობებზე შეთანხმდებიან.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ როგორც რუსეთი, ისე უკრაინა ომის დასრულების შემთხვევაში საფუძვლიან ეკონომიკურ ბენეფიტებს მიიღებს:
"რუსეთს სურს აშშ-სთან მასშტაბური ვაჭრობა, როდესაც ეს "სისხლიანი" ომი დასრულდება და მე ვეთანხმები ამ აზრს. რუსეთს აქვს სამუშაო ადგილებისა და სიმდიდრის შექმნის კოლოსალური შესაძლებლობა. მისი პოტენციალი უსაზღვროა. ანალოგიურად, უკრაინა, ქვეყნის აღდგენის პროცესში, შესაძლოა გახდეს სავაჭრო სფეროს მსხვილი ბენეფიციარი".
ტრამპის თქმით, მან უკვე შეატყობინა მოლაპარაკებების შედეგები ვოლოდიმირ ზელენსკის. გარდა ამისა, ის აპირებს დაუკავშირდეს ურსულა ფონ დერ ლაიენს, ემანუელ მაკრონს, ჯორჯია მელონის, ფრიდრიხ მერცს და ალექსანდრ შტუბს.
ხსენებული ლიდერების გარდა, ტრამპმა პოსტში პაპიც ახსენა:
"ვატიკანმა, რომელსაც პაპი წარმოადგენს, განაცხადა, რომ ძალიან დაინტერესებულია უმასპინძლოს მოლაპარაკებებს".
"დაე, პროცესი დაიწყოს"! – ამ სიტყვებით ასრულებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას ტრამპი.





