აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით 2025 წლის ივნისში ნიდერლანდებში დაგეგმილ NATO-ს სამიტზე წევრი ქვეყნები მომდევნო ათწლეულში თავდაცვაზე მშპ-ს 5%-ის დახარჯვაზე შეთანხმდებიან.
ამის შესახებ რუბიომ Fox News-ის გადაცემა Hannity-ში გამოსვლისას ისაუბრა.
"შემიძლია გითხრათ, რომ ექვს კვირაში დაგეგმილ სამიტზე პრაქტიკულად ყველა NATO-ს წევრი 2%-იან ზღვარზე ან მის ზემოთ იქნება, რაც მთავარია, ბევრ მათგანს ექნება 4%-ზე მეტი და ყველა შეთანხმდება მიზანზე, რომ მომავალ ათწლეულში თავდაცვაზე მშპ-ს 5% დახარჯონ". - თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.
მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ გერმანია მზადაა, თავდაცვის ხარჯი მშპ-ს 5%-მდე გაზარდოს, რითაც იგი მიემხრო აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ინიციატივას NATO-ს ქვეყნების თავდაცვის ხარჯის გაზრდის თაობაზე.
"გერმანია მზადაა და შეუძლია, ვალდებულებები შეასრულოს." - თქვა ვადეფულმა 15 მაისს თურქეთში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დროს. მისი თქმით, ტრამპმა 5% ითხოვა "და ჩვენ მივყვებით მას."
მანამდე, 14 მაისს, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგს განუცხადა, რომ მისი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი ბუნდესვერის (გერმანიის ჯარის) ევროპის ყველაზე ძლიერ არმიად გარდაქმნა იქნება, რათა რუსეთის მხრიდან მზარდ საფრთხესთან გამკლავება იყოს შესაძლებელი.
2025 წლის NATO-ს სამიტი 24-25 ივნისს ნიდერლანდებში გაიმართება.