აშშ-NATO

პენტაგონი: აშშ ევროპაში საბრძოლო ბრიგადების რაოდენობის ოთხიდან სამამდე ამცირებს

Celal Gunes / Anadolu via Getty Images file

აშშ-ს ომის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ევროპაში განთავსებული საბრძოლო ბრიგადის ჯგუფების (BCT) საერთო რაოდენობა ოთხიდან სამამდე ამცირებს. ამით ევროპაში BCT-ების რაოდენობა 2021 წლის დონეს დაუბრუნდა.

BCT-ები აშშ-ს შეიარაღებული ძალებში უმეტესად სამხედროების საზღვარგარეთ განთავსებისთვის გამოიყენება და მათში 4 000-დან 4 700-მდე სამხედრო შედის.

გთავაზობთ აშშ-ს ომის დეპარტამენტის პრესსპიკერის, შონ პარნელის სრულ განცხადებას:

"ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მრავალდონიანი და ყოვლისმომცველი პროცესის შედეგად, რომელიც ევროპაში აშშ-ს სამხედრო ძალების განლაგებაზე იყო ორიენტირებული. ამის გამო დროებით გადაიდო აშშ-ს ძალების პოლონეთში განთავსება, რომელიც აშშ-ს სამაგალითო მოკავშირეა.

დეპარტამენტი ევროპაში ამ და სხვა ამერიკული ძალების საბოლოო განლაგებას აშშ-ს სტრატეგიული და ოპერატიული მოთხოვნების, ასევე მოკავშირეების მიერ ევროპის თავდაცვაში საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობების დამატებითი ანალიზის საფუძველზე განსაზღვრავს. ეს ანალიზი მიზნად ისახავს პრეზიდენტ ტრამპის "ამერიკა უპირველეს ყოვლისა" დღის წესრიგის წინ წაწევას ევროპასა და სხვა რეგიონებში, მათ შორის NATO-ს მოკავშირეების წახალისებისა და გაძლიერების გზით, რათა მათ ევროპის ტრადიციულ თავდაცვაზე მთავარი პასუხისმგებლობა აიღონ.

მინისტრი ჰეგსეთი დღეს ადრე ესაუბრა პოლონეთის ვიცეპრემიერს კოსინიაკ-კამიშს, და ანალიზის მიმდინარეობისას დეპარტამენტი მჭიდრო კონტაქტს შეინარჩუნებს პოლონელ კოლეგებთან, მათ შორის იმის უზრუნველსაყოფად, რომ შეერთებულმა შტატებმა პოლონეთში ძლიერი სამხედრო ყოფნა შეინარჩუნოს. პოლონეთმა აჩვენა როგორც საკუთარი თავის დაცვის უნარი, ასევე ამის მტკიცე ნება. NATO-ს სხვა მოკავშირეებმაც იგივე უნდა გააკეთონ.

დეპარტამენტი დამატებით ინფორმაციას შესაბამის დროსა და შესაბამის ფორმატში გაავრცელებს".

კომენტარები