გამოცემა Financial Times იუწყება, რომ აშშ განიხილავს ევროპაში ბირთვული იარაღის განლაგების გაფართოებას, რათა "დაარწმუნოს მოკავშირეები, რომ ჩვეულებრივი სამხედრო მხარდაჭერის შემცირება უსაფრთხოების გარანტიებს არ ასუსტებს."
გამოცემას სამმა საკითხთან დაახლოებულმა პირმა განუცხადა, რომ აშშ-ს მაღალჩინოსნებმა გამოთქვეს მზაობა, ბირთვული შესაძლებლობის ბომბდამშენები არსებული 6 ქვეყნის გარდა სხვა სახელმწიფოებშიც განალაგონ.
Financial Times წერს, რომ საკითხი განხილვა დაიწყო მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონტინენტიდან აშშ-ს ჯარებისა და კრიტიკული შეიარაღების სისტემების გაყვანის შესახებ გადადგა ნაბიჯები, რამაც ევროპელ მოკავშირეებში შეშფოთება გამოიწვია.
გამოცემის ინფორმაციით, ეს პოტენციურად მეტ ქვეყანას საშუალებას მისცემს, უმასპინძლოს ე.წ. აშშ-ს ორმაგი შესაძლებლობების მქონე თვითმფრინავებს (DCA), რომლებსაც ბირთვულ დარტყმების შესაძლებლობა აქვთ.
ორმა წყარომ განაცხადა, რომ გაფართოების საკითხის ღიაობა მიზნად ისახავს აშშ-ს ერთგულების დემონსტრირებას ბირთვული ქოლგის უზრუნველყოფის მიმართ.
წყაროს ცნობით, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე განლაგებული ქვეყნები, მათ შორის პოლონეთი და ბალტიის ზოგიერთი სახელმწიფო, დაინტერესებულნი იყვნენ DCA ბაზების განთავსებით.
როგორც გამოცემა წერს, დისკუსიები NATO-ს არხებით მიმდინარეობდა და რუსეთის საზღვრებთან ყველაზე ახლოს მდებარე მოკავშირეებმა ყველაზე დიდი ინტერესი გამოხატეს.
Financial Times-ის ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ კრემლის ბირთვული შესაძლებლობების შესახებ განმეორებითმა შენიშვნებმა DCA-ს მასპინძლობის მიმართ ზოგიერთი მოკავშირის ინტერესი გააძლიერა.




